
ტაბულა: საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა
30/05/2025 17:18:00
ტაბულას ინფორმაციით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა.
"ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოდან ივანიშვილის წარმომადგენლები, მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე, ჩავიდნენ.
ამასთან, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც. ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს "ახალმა პარლამენტმა ხუთი ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო, ხოლო დანარჩენი ორი ცარიელი დატოვა იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტში დაბრუნდება. არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე ხუთივე წევრმა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, სამმა სრულმა წევრმა და ორმა შემცვლელმა წევრმა მმართველი პარტიიდან".
შესაბამისად, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გარკვეული პრივილეგიების შეზღუდვით, პლენარულ სესიაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა სამ წევრამდე შეზღუდოს, ხოლო ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში, ამ სამიდან ერთი ადგილი ოპოზიციისთვის გამოიყოფა.
შედეგად, საქართველოს დელეგაცია, შეზღუდული უფლებამოსილებებით, ვერ შეძლებს სესიაზე შესწორებების წარდგენას და ვერ მიიღებს მონაწილეობას GSM სემინარებში, ქვედასაკომიტეტო ვიზიტებსა და NATO-ს საორიენტაციო და სხვა სატრენინგო პროგრამებში.
ამასთანავე, სესიების განმავლობაში კომიტეტების თავმჯდომარეებსა და პრეზიდენტს ექნებათ უფლებამოსილება, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცენ საქართველოს წარმომადგენლებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.