
რაზე ესაუბრა დვალიშვილი ტრამპს - UFC-ის მებრძოლის პირველი კომენტარი
11/06/2025 11:28:00 საზოგადოება
ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც 8 ივნისს შონ ო'მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი, დღეს თბილისში ჩამოვიდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
„პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ, ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ“, - განუცხადა დვალიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებს.
ბრძოლისა და გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა: ის მიუახლოვდა რვაკუთხედთან მდგომ აშშ-ის პრეზიდენტს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი ჩამოართვა და ფოტო გადაიღო.
კითხვაზე, რა უთხრა მან დონალდ ტრამპს და პირიქით, დვალიშვილმა თქვა:
„რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, - დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ - ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა... ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“.
დვალიშვილი ჩამოვიდა ამერიკელ ინფლუენსერ, მოდელსა და UFC-ის ჟურნალისტ ნინა დრამასთან (ნინა მარი დანიელთან) ერთად. დვალიშვილის თქმით, მსოფლიოს საქართველოს სტუმართმოყვარეობა კიდევ ერთხელ უნდა გააცნონ.