
თალაკვაძე: "კანონპროექტების ელექტრონულად განიხილვისა და დამტკიცების ინიციატივა დროულად უნდა მოვამზადოთ"
06/03/2020 08:36:00 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
„ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, მაშინ კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში ელექტრონული პროცედურის განხილვის და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის შემოტანა. დღეს მინდა ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდე და მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რის გამოც შეიძლება, მომავალში დასჭირდეს ასეთი ინსტრუმენტი და პლატფორმა პარლამენტს და მინდა, მივმართო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს, რომ იმსჯელოს ამ ინიციატივის გარშემო ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე. ეს ინიციატივა დროულად მოვამზადოთ და დაჩქარებული წესითაც განვიხილოთ თუ საჭიროა“, - განაცხადა თალაკვაძემ.