
მარკო რუბიო: ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში
13/06/2025 07:45:00 მსოფლიო
ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ღამით ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა. ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა. ისრაელმა გვაცნობა, რომ მათი აზრით, ეს ქმედება აუცილებელი იყო თავდაცვისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციამ გადადგეს ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენი ძალების დასაცავად და მჭიდრო კონტაქტში რჩებიან ჩვენს პარტნიორებთან. მინდა, ნათლად განვაცხადო: ირანმა არ უნდა დაუმიზნოს აშშ-ის ინტერესებს ან პერსონალს“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ირანის სახელმწიფო მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის მიერ ირანის დედაქალაქში საცხოვრებელი შენობების დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.