Accentnews.ge
დონალდ ტრამპის განცხადებით, წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ ისრაელი ირანს დაარტყამდა

დონალდ ტრამპის განცხადებით, წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ ისრაელი ირანს დაარტყამდა

13/06/2025 08:54:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ისრაელი ირანზე დარტყმებს განახორციელებდა და ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, აკვირდება ნებისმიერ საპასუხო ქმედებას და აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მაღალი დონის მზადყოფნაშია. დონალდ ტრამპის მტკიცებით, აშშ მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.

Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების კაბინეტში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ტრამპი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს გონივრული წინადადება წარუდგინა და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.

შეგახსენებთ, ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამიც. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S