
"ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული მორიგი იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა"
17/06/2025 11:18:00 მსოფლიო
ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული მორიგი იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები ავტობუსის სადგომთან ჩამოვარდა. შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ, თავშესაფარი დატოვონ. რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებზე მაშველები მუშაობენ.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში ისრაელელმა სამხედროებმა ირანიდან გაშვებული 30 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
მანამდე, გავრცელდა ცნობა, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო და იერუსალიმსა და თელ ავივში აფეთქებების ხმა გაისმა.