
ანტიკორუფციული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არასამთავრობოებისთვის წერილების გაგზავნას აგრძელებს, ორგანიზაციების ნაწილმა სააპელაციოს მიმართა
20/06/2025 09:30:00 საზოგადოება
ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წერილების გაგზავნას აგრძელებს.
კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად ანტიკორუფციულმა ბიურომ მათგანაც მოითხოვა გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
"მოთხოვნა შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს და, რაც ყველაზე მძიმეა, უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ჩვენი ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციას", - წერს ორაგანიზაციის დირექტორი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ორგანიზაცია არ აპირებს გაჩერებას და გამოიყენებს ყველა საშუალებას გამოხატვის თავისუფლების დასაცავად:
"სასამართლოს ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს დასახელებულ პერიოდში ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს. ამავდროულად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოუდგენლად ვრცელ მონაცემებს მოიცავს და პრაქტიკულად სახელმწიფოს სრულ და ტოტალურ კონტროლს უქვემდებარებს ჩვენს საქმიანობას. მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე ვრცელდება ბენეფიციარების პირად ინფორმაციაზე, ორგანიზაციულ კორესპონდენციებსა და მიმოწერებზე, რაც ჩვენს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში და უკანონო ჩარევაა.
გუშინ, 18 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია მიმართულია გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ და ამ პროცესში სრულად არის უზრუნველყოფილი პროფესიული და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. გვსურს, ხაზგასმით განვმარტოთ, რომ ეს განცხადება დეზინფორმაციულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი მოთხოვნის მსგავსად, ანტიკორუფციული ბიურო ჩვენგანაც პირდაპირ ითხოვს ბენეფიციარების პირად ინფორმაციას.
ჩვენთვის აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და მიზნად ისახავს ჩვენს პარალიზებას და გაჩუმებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად".
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ აცხადებს, რომ მათაც მიიღეს წერილი ანტიკორუფციული ბიუროდან.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საფარი“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „საქართველოს მომავლის აკადემია“) სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს გადაწყვეტილება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო მათგან გრანტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიც“ (EPRC) მას შემდეგ, რაც მოთხოვნის შესახებ დოკუმენტი ფიზიკურადაც ჩაბარდებათ.
ცნობისთვის: გუშინ, 18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად სასამართლოსგან განჩინება მიუვიდა ხუთ ორგანიზაციას: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საფარს“, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდს”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს” და “საქართველოს მომავლის აკადემიას”.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, - მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება, - რაც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან.
ჩამონათვალი, ვისთან დადებულ ხელშეკრულებებს სთხოვენ, ასეა დაკონკრეტებული:
საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია;
სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი;
საფინანსო საკრედიტო ინსტიტუტი;
უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა უცხოეთში;
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
აგრეთვე ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლიდან დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება;
ასევე, ასეთ დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.
ბიურო არასამთავრობოებს სთხოვს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციასთან თუ პირთან თანამშრომლობის ფარგლებში, იმავე პერიოდში დადებული ყველა ხელშეკრულების, შეთანხმების თუ მათში ცვლილების ფარგლებში დადებულ სხვა ყველა შესაძლო ხელშეკრულებას.
არასამთავრობოებს სთხოვენ ასეთ დოკუმენტებთან დაკავშირებულ „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“, მათ შორის:
მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას - ყველანაირი დეტალის მითითებით;
ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას - საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;
მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.