
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის წინადადებას დათანხმდა
24/06/2025 11:00:00 მსოფლიო
ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.
„ისრაელმა ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწია. ისრაელმა ორი პირდაპირი საფრთხე აღმოფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მათი მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღესვე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმების დასრულების შემდეგ ამოქმედდა.
ზემოაღნიშნულ განცხადებებს წინ უძღვოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.
კერძოდ, დონალდ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის „სრული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ განაცხადა და სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა:
"გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმდა, რომ იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტა (დაახლოებით 6 საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ მოქმედებას და დაასრულებენ თავიანთ მიმდინარე, საბოლოო მისიებს!), 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება!“.
ასევე ტრამპი დასძენს, რომ ეს არის ომი, რომელიც „შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა“, მაგრამ „არ გაგრძელებულა და არც გაანადგურებს“.