
"პრაქტიკულად, დადასტურდა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან თავისი დასკვნა დადო"
03/06/2019 10:49:07 სხვა, სამართალი
“ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რაზეც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ შარშან თავისი დასკვნა დადო.
„პრაქტიკულად, დადასტურდა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან დადო თავისი დასკვნა. კერძოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და ის არის თავისუფლებაზე. ამ სასამართლომაც კი, რომელიც სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, არ გაიზიარა აბსურდული და ვიტყოდი, კატასტროფული არგუმენტები, რომელიც გააჩნია პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში და ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს დონეზე. როგორც ჩანს, იმდენად მოერიდა სასამართლო იმ რისხვას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას, რომ პრაქტიკულად, პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიის დასკვნა არის ისევ რელევანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განზრახ მკვლელობაში მონაწილე ადამიანი, რომელმაც დათო სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, თავისუფლებაზეა და ამის შესახებ იცის ყველამ, კონკრეტული დასკვნებია დადებული და ეს უკვე დაადასტურა სასამართლოს მეორე ინსტანციამ. ახლა ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ეს ადამიანები დაისაჯონ და იზეიმოს მართლმსაჯულებამ. ამ ადამიანების გამოსავლენად მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. თავის დროზე, ეს საქმე პროკურატურის მიერ გაფუჭებული იყო. კომისიამ ესეც დაადგინა, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა ამ საქმის გაფუჭებაში და ვინ არიან კონკრეტული პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის სისტემაში, ვინც ამ საქმის ასე ვთქვათ, გაყალბებაში მონაწილეობდა. ამიტომ, ახლა მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო ამ საქმის გახსნისთვის და ვიდრე ეს ნება არ იარსებებს, ბუნებრივია, დარჩება ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ვართ“, – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის: 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეში დამნაშავედ სცნო, სხვა, დაუდგენელ პირთან ერთად.