
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
07/07/2025 23:08:00 სამართალი
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.
პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000 ლარის ოდენობით გირაოს.
მოსამართლემ გირაოს თანხად 70 000 ლარი განსაზღვრა.
რამიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ „შეცდომა“ მოუვიდა.
„მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და, უბრალოდ, ვერ შევამჩნიე. აქედან გამომდინარე, ეს კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს, არაა სწორი, უბრალოდ ჩანთაში იდო. ძალიან ვნანობ. ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის. ეს შეცდომა მოხდა. ეს შეიძლება ნებისმიერ აქ მჯდომ ადამიანს მოუვიდეს. ეს არ იყო გამიზნული“, – განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, რამიშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ ფიქრობს, „ზედმეტია“ პროკურორის მიერ პატიმრობის მოთხოვნა.
რამიშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. სასამართლოს განმარტებით, მას 30-დღიანი ვადა აქვს გირაოს თანხის გადასახდელად.
წინასასამართლო სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.
ცნობისთვის: ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა კომპანიის დამფუძნებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ივლისს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი) ბრალდებით.