
კირიენკო, რომელიც კრემლში „აფხაზურ მიმართულებას“ კურირებს სოხუმშია: „მოხარული ვარ, რომ ჩემს მშობლიურ აფხაზეთს ვსტუმრობ“
11/07/2025 20:47:00
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ მიიღო.
შეხვედრაზე „აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთქმედების საკვანძო მიმართულებები“ განიხილეს, მათ შორის ენერგეტიკა. კერძოდ, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო „ელექტროქსელებში დანაკარგებს, რომლებიც რამდენჯერმე აღემატება რუსეთის ფედერაციის მაჩვენებლებს და საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას“.
სერგეი კირიენკო კრემლში „აფხაზურ მიმართულებას“ კურირებს, ის წელს სოხუმს მეოთხედ სტუმრობს.
გუნბამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვში განხილული ინიციატივები „ახლა რეალურ ქმედებებში აისახება“.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვესტუმრო ჩემს მშობლიურ აფხაზეთს. სასიამოვნოა აქ მიმდინარე დადებითი ცვლილებების ნახვა. სასურველია ყველაფერი სწრაფად და ერთდროულად, მაგრამ ცხოვრებაში, ჩვეულებრივ, ასე არ ხდება. ცვლილებები თვალსაჩინოა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კირიენკომ.
მან დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბასთან ორი შეხვედრის შემდეგ რუსეთის სამინისტროებსა და უწყებებს კონკრეტული მითითებები მისცა. კირიენკოს ამჟამინდელი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, „კიდევ ერთხელ გავიაროთ და ერთად ვნახოთ, თუ როგორ ხორციელდება ეს შეთანხმებები, შესრულებულია თუ არა პრეზიდენტის ყველა მითითება რუსეთის სამინისტროებისა და უწყებების მიერ“.
რაც შეეხება ენერგეტიკას, ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წევრები, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი ტიმურ ჯინჯოლია.
იუწყებიან, რომ გუნბა და კირიენკო „შეთანხმდნენ აფხაზეთის ენერგეტიკული სისტემის განვითარების ერთობლივ ზომებზე“, მათ შორის, მომავალ ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვის თავიდან აცილებასა და ელექტროქსელების მოდერნიზაციის გეგმის შემუშავებაზე.
მანამდე, სახელმწიფო კომპანია „რუსჰიდროს“ რუსი სპეციალისტები გალის რაიონს ეწვივნენ და შეისწავლეს „ვარდნილჰესების“ კასკადი, რომლის აღდგენასაც გეგმავს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება.
„ვარდნილჰესების“ კასკადი „ენგურჰესის“ კომპლექსის ნაწილია. ამჟამად მათგან მხოლოდ ერთი, „ვარდნილჰესი-1-ია" სრულად აღდგენილი და სრული სიმძლავრით (220 მეგავატი) მუშაობს. დანარჩენი სამი სადგური (თითოეული 40 მეგავატი სიმძლავრით) აღდგენას საჭიროებს.