
მაიკ უოლცი: აზერბაიჯანს სომხეთსა და ისრაელთან რეალური შეთანხმების გაფორმება სურს, რაც გააჩენს ბიზნესის შესაძლებლობებს და შეცვლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს
16/07/2025 13:35:21 მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთსა და ისრაელთან რეალური შეთანხმების გაფორმება სურს, რაც გააჩენს ბიზნესის შესაძლებლობებს და შეცვლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს. ამის შესახებ მაიკ უოლცმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
სენატში უოლცს კითხვა ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკული რესურსების შესახებ დაუსვეს.
„ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა თურქმენეთთან დაკავშირებით, რაც დიდი ხნის განმავლობაში პირველად ხდება, რომ თურქმენული ბუნებრივი აირი დასავლეთის მიმართულებით წავიდეს და არა – აღმოსავლეთით. ჩვენ ვისაუბრეთ აზერბაიჯანზე და მათ სურვილზე არა მხოლოდ აშშ-ს დაუახლოვდეს, არამედ, სავარაუდოდ, რეალური შეთანხმება გააფორმოს სომხებთან, რეალური შეთანხმება დადოს ისრაელთან და კომერციული შესაძლებლობები გაიხსნება არა მხოლოდ ამერიკული ბიზნესისთვის, არამედ ეს შეცვლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს“ – განაცხადა მაიკ უოლცმა
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად წარადგინა.