Accentnews.ge
“ჩვენ საქართველოში არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს და დამდგარია შესაბამისი განაჩენი“

“ჩვენ საქართველოში არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს და დამდგარია შესაბამისი განაჩენი“

08/03/2020 17:14:57 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "საქართველოში არ გვყვავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და არის დამდგარი შესაბამისი განაჩენები".

"ზოგადად რაც პრინციპში აისახა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში, ამ პრინციპებს აქამდეც ვეთანხმებოდით და ახლაც ვეთანხმებით. ამისი გაყიდვა, რომ ვიღაცა შეთანხმდა იმაზე, რომ ხვალ გაუშვებს პოლიტპატიმარს, რომელიც რეალურად საქართველოში არ არის, ეს არის მორიგი ტყუილი და ასე გაყიდვა სხვა პრინციპის აღიარების, არ არის სწორი. ამაზე არ მგონია რომ კარგი რეაქცია ქონდეს ჩვენს საზოგადოებას. როდესაც შეთანხმება ერთ საკითხზე დგება, ამაზე უნდა ისაუბრო და არ უნდა მოატყუო ხალხს. რაღაც ჟივილ-ხივილი, არასწორი, არ უნდა ატეხო. ყველას - ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და ქართულ საზოგადოებასაც მისალოცი ის აქვს, რომ შეთანხმება შედგა. თუ თქვენ მეკითხებით, ისეთი შეთანხმება შედგა, რომ ვიღაცა გამოუშვებს და თან პოლიტპატიმარს დაარქმევს რომელიღაცა პატიმარს, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ესეთი საუბარი არ ყოფილა. ზოგადი პრინციპების აღიარებაა, რომ სასამართლო ზეწოლა არ იქნება და ასე შემდეგ და ბუნებრივია ამას ჩვენ მანამდეც ვამბობდით, ეხლაც ვამბობთ და მომავალშიც გავიმეორებთ, იმიტომ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამ საწყისებზე დგას. აქედან გამომდინარე ხალხის მოტყუება სწორი არ არის"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის ეგიდით მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმებას მიაღწიეს. კონკრეტულად კი წლევანდელი არჩევნები 1%-იანი ბარიერითა და 120/30-ზე გადანაწილებით ჩატარდება - ანუ 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

შეთანხმების შესახებ სპეციალურ განცხადებას აკეთებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. აღნიშნული განცხადება პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების სახელით ქვეყნდება:

"ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში. დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს - ხალხისა და ქვეყნის - საკეთილდღეოდ,"- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S