
დონალდ ტუსკი: პოლონეთში 32 პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის დავალებით დივერსიულ აქტებს გეგმავდნენ
29/07/2025 19:37:00 მსოფლიო
პოლონეთში 32 პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის დავალებით დივერსიულ აქტებს გეგმავდნენ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„32 ადამიანი გვყავს დაკავებული. ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რომლებიც მათ დივერსიული და თავდასხმითი აქტების განხორციელებას ავალებდნენ“, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დაკავებულთა შორის არიან რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, პოლონელი და კოლუმბიელი.
პოლონეთის სპეცსამსახურების თქმით, დაკავებულმა კოლუმბიის მოქალაქემ, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა, გასულ წელს პოლონეთის ტერიტორიაზე ორი ხანძარი გააჩინა - 23 მაისს ვარშავაში და 30 მაისს რადომში.
„ეს სია საბოლოო არაა. დივერსიებისთვისა და თავდასხმებისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ჩვენი ქმედებების ეფექტიანობის მიუხედავად, დროა ყველა სამსახურის რეალური განგაში გავცეთ…
ნებისმიერი, ვინც პირდაპირ ან ირიბად ახდენს პოლონეთის სახელმწიფოს დესტაბილიზაციას, რუსეთის დაზვერვას ეხმარება, ასე რომ დაუნდობლად ვიმოქმედებთ,” - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ რუსული აქტივობა ასევე „გარკვეულ ორგანიზებულ პოლიტიკურ წრეებს ეხება“ და საზღვრებთან ვითარების დესტაბილიზაცია და სახელმწიფო სერვისების პარალიზების მცდელობები მსგავსია სხვა დივერსიული აქტების.