
"იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს ჯერ რომში, შემდეგ კი სამშობლოში ჩამოიყვანენ"
09/03/2020 12:02:15 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს ჯერ რომში, შემდეგ კი სამშობლოში ჩამოიყვანენ", – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„იტალიაში საქართველოს საელჩოში დამატებით ამოქმედდა 4 "ცხელი ხაზი" იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელთაც უახლოესი ორი კვირის ბილეთები ჰქონდათ. პროცესი უკვე დასრულებულია. საელჩოში იმ ადამიანები სია არსებობს, რომლებიც იტალიის სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდნენ და ჰქონდათ სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები. მოხდება მათი ორგანიზებული ჩამოყვანა რომში, რადგანაც რეისი განხორციელდება რომიდან. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოხდება მათი რომიდან საქართველოში დაბრუნება და ამას ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საქართველომ ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან ფრენები შეაჩერა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,119–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,735 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3800–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 108 000–ს გადააჭარბა. 63 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მე–14 ინფიცირებულს მე–4 ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მე–15 დაავადებული კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.
15 ინფიცირებული პაციენტიდან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 1 კი – საჩხერის კლინიკაში.