
„მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ ძალებს, გააგრძელონ ძალისხმევა დემოკრატიული სისტემის ჩამოსაყალიბებლად"
09/03/2020 14:00:46 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და მხარეებს ისეთი დემოკრატიული სისტემის შექმნისკენ მოუწოდებენ, რომელშიც „სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზაციას“ ადგილი არ ექნება.
„ჩვენ ვულოცავთ მხარეებს ამ ისტორიული შეთანხმების მიღწევას, რომელიც შერეულ პროპორციულ-მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, დაწეულ ბარიერს და საარჩევნო ოლქების დაბალანსებულ შემადგენლობას ითვალისწინებს. წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, ამ შეთანხმებამ შეიძლება, საფუძველი ჩაუყაროს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში არსებული ყველა ფრაქციას შორის ნდობის დამყარებას. მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, გააგრძელონ თავიანთი ძალისხმევა, რათა ჩამოაყალიბონ დემოკრატიული სისტემა, რომელიც ყველასთვის მუშაობს და რომელშიც სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზაციას ადგილი არ აქვს. ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან საარჩევნო რეფორმის გასაგრძელებლად“, – ნათქვამია საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტების მარგარიტა ცედერფელტისა (დეპუტატი შვედეთიდან) და კრისტიან ვიგენინის (დეპუტატი ბულგარეთიდან) განცხადებაში.
ცნობისთვის: ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელზე 8 მარტს შეთანხმდა.