Accentnews.ge
“ფსიქიატრიული ექსპერტიზით ვერ დამაშინებთ” – ნინო დათაშვილის წერილი ციხიდან

“ფსიქიატრიული ექსპერტიზით ვერ დამაშინებთ” – ნინო დათაშვილის წერილი ციხიდან

04/08/2025 19:02:00 საზოგადოება

პატიმრობაში მყოფი აქტივისტი ნინო დათაშვილი პროკურატურას უკანონო დევნაში და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად, მკურნალობის ნაცვლად, მას ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უნიშნავენ.

ის აცხადებს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზით მას ვერ დააშინებენ.

„პროკურატურას! 2019 წელს რომ ემოციური ფონი მქონდა, ჩემი გაუსაძლისი ტკივილებით იყო გამოწვეული. ოპერაციის გაკეთებიდან ოთხ თვეში, მეორე ოპერაციას ვსაჭიროებდი. ემოციური ფონი იყო მწვავე ანთებით პერიოდში, რა დროსაც მქონდა გაუსაძლისი ტკივილები. მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა, თუმცა დაზიანებული ხერხემალი დამრჩა. ახლაც გაუსაძლისი ტკივილები მაქვს, რაც გამოიწვია თქვენ მიერ შეფარდებულმა პატიმრობამ.

ემოციური ფონი მუდმივი არაა, ის სტრესზე და დისტრესზე ორგანიზმის რეაქციაა! გამწვავებული ტკივილების ფონზე, მკურნალობის ნაცვლად, მიტარებთ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას? ეს სხვა არაფერია გარდა ჩემს მიმართ უკანონო დევნის გაგრძელება და არაადამიანური მოპყრობა. ამ ექსპერტიზით ვერ დამაშინებთ!

ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ყველას გიყურებთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება. ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა.

მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, - წერია ნინო დათაშვილის წერილში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადვოკატებმა გამოიტანეს.

2 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია ნინო დათაშვილის ადვოკატების მიერ, რომ პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, პედაგოგსა და აქტივისტს ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ ექსპერტიზას პროკურატურა ნინოს წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისთვის იყენებს. ნინოს სასამართლო 7 აგვისტოს არის ჩანიშნული და იქ უნდა გადაისინჯოს, არსებობს თუ არა დათაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა.

ნინო დათაშვილზე საუბრით დაიწყო ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, თავისი საბოლოო სიტყვა სასამართლოში.

“მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ნინოს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, მე სრულიად ჩამოვიშალე. მიჭირს გავიხსენო, მორალისგან ასეთი დაცლილი გარემო კიდევ როდის იყო. შემდეგ გამახსენდა ნინოს სიტყვები: “მე მსხვერპლი არ ვარ” და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მჯერა, ნინო ამ გამოწვევას გაუმკლავდება და რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს”, – თქვა მზია ამაღლობელმა.

ნინო დათაშვილის მიმართ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ფსიქიატრების პროფესიული თემიც, როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო განცხადებით, სადაც მიმართავენ მართლმსაჯულების სისტემას, რომ დაუშვებელია ფსიქიატრიის პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გადაქცევა.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S