Accentnews.ge
სახდეპი: აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის ხელშემწყობ მცდელობებს

სახდეპი: აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის ხელშემწყობ მცდელობებს

04/08/2025 20:57:00 კავკასია, პოლიტიკა, მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ სამხრეთ კავკსიაში მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის ხელშემწყობ მცდელობებს უჭერს მხარს.

ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მიერ მართვის ინიციატივას.

"აქცენტი" დაინტერესდა რა ხასიათის იქნება აშშ-ის მთავრობის შესაძლო მონაწილეობა, ასევე დავინტერესდით ხედავს თუ არა აშშ საქართველოს როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნების უფრო ფართო ჩარჩოებში, მათ შორის ე.წ. ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებულ ნებისმიერ განვითარებაში?

აღნიშნული კითხვების საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა "აქცენტს" შემდეგი განუცხადა:

"აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის ხელშემწყობ მცდელობებს."

დღეს დილიდან მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა ვაშინგტონში პარასკევს შედგება. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით მიიღებს.

სომხეთის მთავრობა ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს

„ასეთი ვიზიტების შემთხვევაში, ბუნებრივია, არსებობს ოფიციალური განცხადებები და ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად ოფიციალური განცხადების შემთხვევაში. ამ დროისთვის ჩვენ ოფიციალური განცხადება არ გამოგვიქვეყნებია. ამიტომ, გთხოვთ, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულად მხოლოდ ოფიციალური განცხადების შემდეგ მიიჩნიოთ“, – აღნიშნეს სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს ვაშინგტონში, NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რიუტესთან შეხვედრაზე განაცხადა რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გადაჭრასთან ახლოსაა.

"ჩვენ კიდევ ერთი საკითხი გადავჭერით... აზერბაიჯანი და სომხეთი. როგორც ჩანს, [კონფლიქტი] ახლოსაა წარმატებულ დასასრულთან" - თქვა მან.

ცნობისთის: 14 ივლისს თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერევანსა და ბაქოს ზანგეზურის დერეფნის მართვის აშშ-სთვის გადაბარება შესთავაზა.

„ისინი 32-კილომეტრიანი გზის შესახებ კამათობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. 32-კილომეტრიანი გზის საკითხი უკვე ათწლეულებია, გაჭიანურებულია“, - განაცხადა ბარაკმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ დერეფნის მართვის გადაბარებისას საუბარია ასწლიანი იჯარის შესახებ.

„ასე რომ, რაც ხდება ის არის, რომ საქმეში ამერიკა ერევა და ამბობს: „კარგი, კონტროლს ჩვენ ავიღებთ. მოგვეცით 32 კილომეტრის სიგრძის გზა ასწლიანი იჯარით და ყველას შეგიძლიათ მისით ისარგებლოთ“, - აღნიშნა თურქეთში აშშ-ის ელჩმა.

ზანგეზურის დერეფნის პროექტი, რომლის შესრულებასაც ბაქო რამდენიმე წელია ითხოვს, ითვალისწინებდა აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აქედან კი თურქეთთან დაკავშირებას. გზა სომხეთის სიუნიქისა და ირანის საზღვარზე უნდა გასულიყო. აზერბაიჯანს სურდა, რომ ამ გზაზე სომხეთს გადატანილი ტვირთები არ გაეკონტროლებინა, რასაც ერევანში საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად აღიქვამდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S