
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იმყოფება
09/03/2020 16:12:29 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც არველაძე განმარტავს, რომ მას საქართველოში კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.
„მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არც ერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან. ჩემი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დავრჩები თვითიზოლაციაში, რათა თავად მეც არ გავხდე ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი.მას შემდეგ, რაც ანალიზის პასუხი ცნობილი გახდება, მას აუცილებლად გამოვაქვეყნებ. ჩემი მაგალითით მოგიწოდებთ ყველას, ვინც იმოგზაურეთ მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებში ან ჩემსავით კონტაქტი გქონდათ კორონავირუსის მატარებელ პირებთან, გადადით თვითიზოლაციის რეჟიმში, რათა ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი არ შეუწყოთ ვირუსის შემდგომ გავრცელებას. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,119–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,735 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3800–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 108 000–ს გადააჭარბა. 63 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მე–14 ინფიცირებულს მე–4 ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მე–15 დაავადებული კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.
15 ინფიცირებული პაციენტიდან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 1 კი – საჩხერის კლინიკაში.