
ანდრეი სიბიგა: უკრაინამ, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, წლის ბოლომდე 1,8 მილიონამდე ჭურვი უნდა მიიღოს
12/08/2025 14:11:56 მსოფლიო
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას ითვალისწინებს, უკრაინამ წლის ბოლომდე დაახლოებით 1,8 მილიონი საბრძოლო მასალა უნდა მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კიევში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩეხეთის რესპუბლიკას პრაქტიკული წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, მათ შორის, 2024 წელს დაწყებული ინიციატივის წყალობით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1,8 მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალა უნდა მიიღონ“, - განაცხადა სიბიგამ.
მისი თქმით, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე საბრძოლო მასალის მიწოდება არა მხოლოდ დახმარებაა, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის თავდაცვის საქმეში. ეს კი ჩეხეთის რესპუბლიკის გადამწყვეტი და თამამი გადაწყვეტილებების მაგალითია.
თავის მხრივ, იან ლიპავსკიმ ხაზი გაუსვა, რომ შარშან უკრაინას 1,5 მილიონი მსხვილკალიბრიანი ჭურვი მიაწოდეს.
საბრძოლო მასალასთან დაკავშირებულმა ჩეხეთის ინიციატივამ ხელი შეუწყო იმას, რომ რუსეთის საარტილერიო უპირატესობა „10-1“-დან „2-1“-მდე შეიცვალა. ეს ხუთჯერ შემცირება და ბრძოლის ველზე რეალური ცვლილებაა“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.