
ნიკა კაციას თმის ღერზე ჩატარებული კვლევით ნარკოტიკების მოხმარება არ დადასტურდა
12/08/2025 18:24:00 სამართალი
პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკა კაცია იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღმოჩნდა, რომ ბრალდებული არ მოიხმარდა ნარკოტიკს - ექსპერტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თმის ნიმუშმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაძლოა, თვეებისა და წლების განმავლობაში შეინახოს, ხოლო ნიკა კაციასთვის ჩატარებულმა ექსპერტიზამ ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ დაადასტურა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს თმის ნიმუში და შესაბამისი კვლევა ჩაატარეს ნარკოლოგიური თვალსაზრისით და დაადგინეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკა კაცია იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღმოჩნდა, რომ ბრალდებული არ მოიხმარდა ნარკოტიკს. ბრალდების მხარემ ეს ინფორმაცია უტყუარად არ მიიჩნია, თუმცა, როდესაც მე ამ საქმეში ჩავერთე ვითხოვდი, რომ ბრალდების მხარეს დაენიშნა აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცა უარი მეთქვა. ექსპერტებმა კი თავიანთი დასკვნა დაადასტურეს სასამართლოზე და კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. სასამართლოზე ექსპერტმა განაცხადა, რომ შესაძლოა თმამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თვეები და წლები შეინახოს",- განაცხადა ნინო ლომინაძემ.
ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ თმის ნიმუშმა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაადასტურა.
ნიკა კაციას დაკავების შესახებ 2024 წლის 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.
ამ დაკავებას კაციაც და მისი მეგობრებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.
მას ბრალდება წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით - ამ მუხლით მას 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ნიკა კაციას მსგავსად, იმავე მუხლით დააკავეს პროევროპული აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე. ნეიტრალური მტკიცებულებები - ვიდეომასალა ან ჩვენება ნეიტრალური პირისა, რომელიც მის ჩხრეკას დაესწრო - არც მის საქმეში არ ყოფილა. გიორგი ახობაძე 6 აგვისტოს გაამართლა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, რადგან მიიჩნია, რომ საქმეში არ იდო საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.