ტოვებს თუ არა ქართული კონტინგენტი ავღანეთს – სამინისტროს კომენტარი

10-03-2020 13:26:43 თავდაცვა

ამ ეტაპზე ქართული კონტინგენტი ავღანეთს არ ტოვებს, თუმცა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციებს აგრძელებს. ამის შესახებ „აქცენტს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„საქართველო, როგორც ნატო-ს კრიტიკული პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრი, რჩება საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული. მივესალმებით „თალიბანსა“ და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ჩვენის მხრივ, ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საერთაშორისო პარტნიორების გვერდით საკუთარ კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთოების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, მისიაში ჩართულობის მოდალობებზე და სამომავლო გეგმებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციების ფაზაში ვიმყოფებით“, – განუცხადეს „აქცენტს“ თავდაცვის უწყებაში.

ცნობისთვის: 2020 წლის 1 მარტს აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, შტატები და ნატო–ს მოკავშირეები მზად არიან, მათმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ ავღანეთი 14 თვის განმავლობაში დატოვოს. თავის მხრივ, „თალიბანი“ პირობას დებს, რომ ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან. 9 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო. ვაშინგტონი ქვეყანაში დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობას 12 000-დან 8600-მდე შეამცირებს. ეს პროცესი 135 დღეში უნდა დასრულდეს.

ქართველი სამხედროები ავღანეთში პირველად, 2004 წლის ოქტომბერში გამოჩდნენ. მაშინ 50 სამხედრო მოსამსახურე ერთჯერადი მისიით ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებს იცავდა. 2009 წლის ნოემბრამდე საქართველოს ავღანეთში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ჰყავდა, ისიც - ლიეტუვას კონტინგენტის შემადგენლობაში. 2009 წლის 17 ნოემბერს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული - 173 ქართველი მეომარი ქაბულში განათავსეს. 2010 წლის აპრილიდან ჰელმადის პროვინციაში ქართული მისია დამატებით 750 სამხედროთი გაიზარდა. 2013 წელს საქართველო ISAF-ის მისიაში 1600-მდე ჯარისკაცით იყო ჩართული. 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ნატო–ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია მოქმედებს. საქართველოდან მასში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული კი დაშავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები