
"30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 – აღმოსავლეთ საქართველოში"
10/03/2020 09:13:14 საშინაო პოლიტიკა
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 – აღმოსავლეთ საქართველოში.
მისივე განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: აჭარა - 3, გურია - 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი - 1, იმერეთი - 4 , თბილისი - 7, შიდა ქართლი -2, კახეთი - 3, ქვემო ქართლი - 3, სამცხე- ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1.
„მონახაზი გვაქვს შემუშავებული, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. ქალაქებზე - თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და დანარჩენ შემთხვევაში იქნება მთლიანობაში 20 საარჩევნო ოლქი. თბილისში ვფიქრობთ, რომ 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება. ფოთის შემთხვევაში სასჭირო გახდება დამატებით 2 მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველა შემთხვევაში იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ.", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.