
დონალდ ტრამპი: NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ
23/09/2025 22:02:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მედიასთან საუბარში გააკეთა.
კერძოდ, კითხვაზე, მისი აზრით უნდა ჩამოაგდონ თუ არა ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს არღვევენ, ტრამპმა უპასუხა:
“კი, ასე მგონია”.
ამავდროულად, მას არ დაუკონკრეტებია შეუერთდება თუ არა აშშ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების ძალისხმევებს.
“გარემოებაზეა დამოკიდებული. მაგრამ, როგორც იცით, ძალიან მყარად ვართ ნატოს მიმართ” , - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავები ნებართვის გარეშე შევიდნენ ესტონეთის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურის თავზე. რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე რუსული დრონი შევიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. ევროპელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩამოაგდებენ რუსულ თვითმფრინავებს ან დრონებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს საჰაერო სივრცის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაში.