Accentnews.ge
მზიას წერილი The Guardian-ში: “საკნიდან ვევედრები ევროპას, არ მიგვატოვოს რუსეთის ხელში”

მზიას წერილი The Guardian-ში: “საკნიდან ვევედრები ევროპას, არ მიგვატოვოს რუსეთის ხელში”

27/09/2025 16:09:00 პოლიტიკა, საზოგადოება

ავტორი: მზია ამაღლობელი, 27 სექტემბერი, 2025 წელი, გამოქვეყნდა The Guardian-ში

ჩემი კოლეგა ჟურნალისტები ყოველდღე საფრთხეში აგდებენ სიცოცხლეს, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ დავნებდეთ იმ რეჟიმს, რომელიც საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებასაც ემუქრება.

ჩემი საკანი მწვანედ არის შეღებილი, ეს იგივე ფერია, რასაც ოდესღაც რედაქციაში ვიყენებდით. ორი სკამი და მაგიდა იატაკზეა მიმაგრებული. არაფერი მოძრაობს. საწოლი ვიწროა, მაგრამ ჯერ არ გადმოვვარდნილვარ. როდესაც ჯერ კიდევ თავისუფალი ვიყავი, მაგრამ უკვე დაპატიმრებას ველოდი, ვხუმრობდი ხოლმე, რომ ციხე კითხვისთვის მომცემდა იმ დროს, რაც ყოველთვის მაკლდა. მაგრამ აქ, რუსთავის ქალთა კოლონიაში, მხედველობა თითქმის დავკარგე. ამიტომ, ახლა [ჩემს თვალებში ]თანდათან შემოჭრილ სიბნელეში ვწერ, იმ სიბნელეზე, რომელიც ჩემს ქვეყანას, საქართველოს იპყრობს.

ჩემს საკანს ერთადერთი ფანჯარა აქვს ჭერთან ახლოს, ძალიან მაღლა. როდესაც 50 წლის გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე, ჩემი მეგობრები და კოლეგები ციხის მოპირდაპირე ბორცვზე შეიკრიბნენ, პლაკატებითა და ბუშტებით ხელში. სკამზე ავედი, მაგრამ კარგად ვერ დავინახე. მათ მოსალმებას მოგვიანებით, ახალ ამბებში ვუყურე.

ეს იყო ჩემი ცხოვრება ბოლო რვა თვის განმავლობაში, საქართველოს რეპრესიული რეჟიმის ქვეშ: რეჟიმის, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების გაჩუმებას, განსხვავებული აზრის წაშლას და ჩვენი სულისკვეთების გატეხას.

2025 წლის 12 იანვარს დემონსტრაციის დროს „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დამაკავეს. საქმის განხილვისას თითქმის შვიდი თვე გავატარე წინასწარ პატიმრობაში. 6 აგვისტოს მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და საბოლოოდ, ოფიცრისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფრო მსუბუქი მუხლით მცნეს დამნაშავედ და ორწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. ეს მაძლევს საეჭვო პატივს, რომ ვიყო პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო დააპატიმრეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. შემომთავაზეს საპროცესო შეთანხმება – დანაშაულის აღიარება უფრო მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ – მაგრამ უარი ვთქვი. უსამართლობასთან შერიგება ცოცხლად დამარხვას ნიშნავს.

ახალი გზები უნდა მეპოვა იმისათვის, რომ ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული უსამართლობა გამეპროტესტებინა. მახსოვს, დაპატიმრებიდან მალევე შევიჭერი ნაწნავი. მაკრატელი ორი წუთით მათხოვეს. საკნის კართან იდგნენ და მიყურებდნენ, როგორ ვიყენებდი მას. მაშინ ბევრი რამ შემომთავაზეს, მაგრამ მხოლოდ 10 ლიტრი წყალი ავიღე. პირველი 38 დღე ვშიმშილობდი. ახლა ამ წერილს ვწერ, რომ გავაგზავნო გაზეთი ბათუმელების ოფისში, რომლის თანადამფუძნებელიც ვარ და სადაც ჩემი მეგობრები და კოლეგები აგრძელებენ ბრძოლას ჩემი არყოფნის დროს.

სისუსტის მომენტები მაქვს ხოლმე. ხანდახან თვალები ცრემლებით მევსება. მაგრამ ვცდილობ დიდხანს არ დავრჩე ასეთ მდგომარეობაში. სიმართლე ისაა, რომ სხვა გზა არც მაქვს: ეს არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს გააუქმოს ჟურნალისტიკა, პროფესია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი. ჩემი კოლეგები სასიკვდილო საფრთხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ საქმეს აკეთებენ. ჩემთვის ახლა დუმილი მათი, ჩემი და საქართველოში მყოფი კიდევ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის ღალატი იქნებოდა. ამ ციხის კედლების გარეთ ხალხი ცხრა თვის განმავლობაში უწყვეტად გამოდის ქუჩებში. ევროკავშირის დროშებიან მომიტინგეებს მიუშვეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და შემდეგ უკვე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. მიუხედავად ამისა, ისინი უარს ამბობენ დანებებაზე. მათი გამბედაობა ჩვენი იმედია.

ჩვენ ადრეც ვმდგარვართ ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე. 1921 წელს საქართველოს ხანმოკლე დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთმა შთანთქა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით. ახალგაზრდობა მაშინაც მამაცურად იბრძოდა ქუჩებში, თუმცა ქვეყანა მომდევნო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ბატონობის ჩრდილმა მოიცვა. ახლა ისტორია განმეორებით გვემუქრება, რადგან რუსეთი კვლავ თავის  ორბიტისაკენ გვიბიძგებს, ჩვენივე მთავრობაში მყოფი კოლაბორანტების დახმარებით. რეჟიმი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და ახლაც აგრძელებს თავისი ინტერესების წინ დაყენებას. რეჟიმმა მიატოვა ჩვენი ევროპული გზა და რუსული მმართველობის ინსტრუმენტები აითვისა: პროპაგანდა, რეპრესიები, კორუფცია და შიში.

მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებს არაერთგზის უჩვენებიათ მდგრადობა. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული აგრესიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებისა და გატაცებების მიუხედავად, ჩვენ მაინც ევროპას ვირჩევთ. საქართველოს ახალგაზრდობა წინ მიუძღვის ამ ბრძოლას გამოფიტვის, სასოწარკვეთის და იმ ადამიანების ცივი გათვლების საწინააღმდეგოდ, ვინც მზადაა გაყიდოს ჩვენი თავისუფლება.

რა შეიძლება გაკეთდეს? მხარი დაუჭირეთ საქართველოს ალყაში მოქცეულ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ნუ დასჯით რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ ჭეშმარიტად პასუხისმგებელნი პირები: „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნეს ქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში გამოსული ადამიანების, ციხეებში მყოფი ჟურნალისტების, იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც უარს ამბობს დამორჩილებაზე.

საქართველოსთვის მხარდაჭერის შეთავაზება არა მხოლოდ სოლიდარობის აქტია – ეს პრაგმატული არჩევანიცაა. სამეზობლოში კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი საფრთხეს შეუქმნის საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებას. საქართველოს მიტოვება ახლა რუსეთის აგრესიის დაჯილდოება იქნებოდა.

საქართველოს ეროვნული დევიზია „ძალა ერთობაშია“. ჩემთვის ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ნიშნავს ამ ძალის გაზიარებას და მასში წვლილის შეტანას.

ჩვენ ვეკუთვნით არა დიქტატურისა და შიშის რუსულ სამყაროს, არამედ თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს. ჩემი საკნიდან უფრო ნათლად ვხედავ, ვიდრე ოდესმე, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ეს ღირებულებებია: ღირსება, სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა. და საქართველოში ჩვენ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით იმ ყველაფრით რაც გვაქვს – კალმით, ხმით და ჩვენი სხეულებით ქუჩებში.

ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლის ნაწილია, ისევე როგორც უკრაინის ბრძოლაა ევროპის ბრძოლა. და მე ვთხოვ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ნუ გაგვიშვებთ ხელს, ერთად ჩვენ შეგვიძლია სიბნელის დამარცხება, რათა იზეიმოს თავისუფლებამ. რადგანაც, თავისუფლება ჭეშმარიტად უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S