„სახეზეა საქართველოში  ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადმოტანის მცდელობა და ესაა ყველაზე დიდი საფრთხე“

11-03-2020 13:34:26 მულტიკულტურული საქართველო ,ინტერვიუ

საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა შორის რაოდენობრივად ქართველების შემდეგ მეორე ადგილს აზერბაიჯანელები იკავებენ. ისინი კომპაქტურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სახლობენ, მათ შორის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში. შეიცვალა თუ არა მათი ყოფა უკანასკნელი წლების განმავლობაში, როგორია ინტეგრაციის ხარისხი, განწყობა, რა სახის გამოწვევებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?,– ამ და სხვა თემებზე „აქცენტი“ კვლევის „უცნობი გარეუბნები: გარდაბნის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული დასახლებები“ ავტორს, „რონდელის ფონდის“ მკვლევარ ალექსანდრე კვახაძეს ესაუბრა.

·ალეკო, თქვენს კვლევაში იყო მიმართულებები, რომელიც არა მხოლოდ აზერბაიჯანელებით დასახლებული მუნიციპალიტეტების, არამედ სხვა რეგიონების პრობლემაცაა, მათ შორის – ეკონომიკა. ამიტომ ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემატურ თემებზე, რომლებიც ვფიქრობ, მკითხველებსაც დააინტერესებთ. დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით: კვლევაში ერთის მხრივ, აღნიშნავთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეთნიკური დაპირისპირების რისკი დაბალია, თუმცა მეორეს მხრივ, ამბობთ, რომ აზერბაიჯანელებს ქართველებთან მინიმალური კონტაქტი აქვთ. თქვენი დაკვირვებით, ამ დაბალ რისკს რა განაპირობებს – კონტაქტის უქონლობა, ცნობიერების ამაღლება თუ?

“მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული მოსახლეობა პარალელური ცხოვრებით ცხოვრობს”

·ერთი შეხედვით, თითქოს ურთიერთგამომრიცხავი რამაა აღნიშნული, თუმცა რეალურად ასე არაა: გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის სერიოზული შეტაკება არასდროს მომხდარა. 1980–იანი წლების ბოლოს ადგილობრივ აზერბაიჯანელებსა და სვან ეკომიგრანტებს შორის საძოვრებთან დაკავშირებული ინციდენტი იყო, თუმცა ამოიწურა. მეორეს მხრივ, ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას ერთმანეთთან მინიმალური ინტერაქცია აქვთ. შეიძლება, ითქვას, რომ მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული მოსახლეობა პარალელური ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ძირითადად ენობრივი ბარიერით და ცხოვრების წესით (რაც ისლამს მაინცდამაინც არ უკავშირდება) არის განპირობებული. მაგალითად ავიღოთ სოფლები მუღანლო და სართიჭალა (ერთი სასოფლო საკრებულო აქვთ), მინიმუმ, 300 წელია, ერთად არსებობენ, თუმცა შერეული ქორწინებები თითზე ჩამოსათვლელია. გაუცხოება და მინიმალური კონტაქტი თვალსაჩინოა.

·კონტაქტს შეგნებულადაც ხომ არ არიდებენ თავს? მაგალითად, მქონდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელები ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მაინცდამაინც არ სტუმრობენ ქართველების კაფე–რესტორნებს... ეს რეალობაა?

·შესაძლოა, რომელიმე მათგანს შიში აქვს, რომ რესტორანში ღორის ხორცია და ამის გამო არიდებს თავს. რაც შეეხება აზერბაიჯანელების „ჩაიხანებს“, ეს არა მხოლოდ კვების ობიექტი, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. ვინაიდან ქართველებს ენობრივი ბარიერი აქვთ, სასაუბროდ „ჩაიხანაში“ შესვლა აზრს კარგავს, ქალის შესვლა კი კარგ ტონად არ ითვლება. ამიტომ არსებობს ადგილები, სადაც აზერბაიჯანელები სჭარბობენ და ადგილები, სადაც ქართველები.

·კვლევის პროცესში ვერ ნახეთ სოფელი, სადაც ინტერაქცია დამაკმაყოფილებელია?

„რომ ვეკითხები, „სკოლაში ჩხუბის დროს ერთმანეთს კლასი კლასზე უპირისპირდებით, თუ ქართველები და აზერბაიჯანელები?“, სამწუხაროდ, მპასუხობენ, „ქართველები და აზერბაიჯანელებიო“

·მუღანლოსა და სართიჭალას ერთად არსებობის ყველაზე დიდი ისტორია აქვთ, თუმცა გაუცხოება, როგორც უკვე ვთქვი, იქაც კი მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები დადიან ქართულ სკოლებში და შესაძლოა, თანაკლასელები ქართველები ჰყავდეთ. რომ ვეკითხები, „სკოლაში ჩხუბის დროს ერთმანეთს კლასი კლასზე უპირისპირდებით, თუ ქართველები და აზერბაიჯანელები?“, სამწუხაროდ, მპასუხობენ, „ქართველები და აზერბაიჯანელებიო“. ბუნებრივია, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე იწყება, თუმცა შემდეგ ეთნიკურში გადაიზრდება ხოლმე. იმდენად დიდია გაუცხოება, რომ სოფელ მუღანლოს [ეკუთვნის სართიჭალის სოფლის საკრებულოს] ცალკე სასოფლო საკრებულოს შექმნაზე დაიწყო საუბარი. მუღანლოს მკვიდრთა შეფასებით, საბიუჯეტო სახსრები ძირითადად სართიჭალას – ქართველებით დასახლებულ სოფელს ხმარდება და არა ორივეს ერთად. ხსენებულ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სართიჭალელები, თვლიან რა, რომ მუღანლო სართიჭალის ისტორიული უბანია. ურთიერთობების თვალსაზრისით, უკეთესი ვითარებაა უშუალოდ გარდაბნის რაიონში: გარდაბანი მაინც ურბანული ზონაა და ყოველთვის მულტიკულტურული იყო. გარდა ამისა, არსებობს სოფელი ნაგები, სადაც მოსახლეობის 50% აზერბაიჯანულია, ხოლო 50% – ქართველი (სვანი). ამ სოფელშიც საკმაოდ მაღალია ინტერაქცია: აზერბაიჯანელი ბავშვები ქართულად სვანური აქცენტითაც კი საუბრობენ.

·აქვთ განცდა, რომ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან? ასევე მაინტერესებს ადგილობრივებზე ოფიციალური ბაქოს გავლენის ხარისხი. ქვემო ქართლი ხომ აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონიცაა...

„მზარდია თურქეთის პოლიტიკურ–კულტურული გავლენა“

·აცნობიერებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვთ, თუმცა აქვთ წყენა და წუხილი, რომ ქართველები მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგალითად, სოფელ ვახტანგისში (მოსახლეობის 95% აზერბაიჯანულია) მეჩეთი აშენდა, თუმცა მას მეჩეთის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული, ხოლო ამავე სოფელში აშენებულ ეკლესია–მონასტერს ეს პრობლემა არ შეჰქმნია. იგივე გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში აზერბაიჯანელებს მხოლოდ ერთი კუთხე დაუთმეს და ა.შ. სწორედ მსგავს საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას.

რაც შეეხება ბაქოს, სენტიმენტები მაინცდამაინც არ იგრძნობა: მათთვის აზერბაიჯანში არსებული კორუფცია და პოლიტიკური რეჟიმი არაა მისაღები. ამბობენ, რომ საქართველოში მეტი თავისუფლებაა, ვიდრე იქ. ამავდროულად, მზარდია თურქეთის პოლიტიკურ–კულტურული გავლენა და ამაში დიდ როლს თურქული ტელევიზია თამაშობს: ბავშვებს არქმევენ თურქულ სახელებს (აქამდე მსგავსი ტენდენცია არ გვხვდებოდა); ყველა ოჯახში თურქული არხია ჩართული, ძირითადად – გასართობი (პოლიტიკურ გადაცემებს ნაკლებად უყურებენ). სამწუხაროდ, ქართული მასმედია იქ თურქულს კონკურენციას ვერ უწევს. ის, რომ სახელმწიფო მისსავე რეგიონში მოქალაქეებს მისთვის გასაგებ ენაზე ეფექტურად ვერ აწვდის ინფორმაციას, უკვე პრობლემაა. მაგალითად მოვიყვან მარნეულის რადიოს, რომელიც აზერბაიჯანულენოვანია და მარნეულის მოსახლეობაზეა ორიენტირებული. მოქალაქეები ავტომობილებით მგზავრობისას მას უსმენენ, რადგან იქ საკუთარ თავს ხედავენ. მართალია, საქართველოს პირველ არხზე აზერბაიჯანულ ენაზე კვირაში რამდენჯერმე გადის გადაცემა, მაგრამ მას არავინ უყურებს. რატომ? - პასუხი მარტივია: მოქალაქეები იქ საკუთარ თავს ვერ ხედავენ.

თურქეთს ლირის გაუფასურებამდე ეკონომიკური გავლენაც ჰქონდა: მუშახელის გადინება მაღალი იყო, თუმცა ამჟამად მიმართულება ძირითადად პოლონეთისა და გერმანიისკენ შეიცვალა (გერმანიაში თურქული დიასპორის დახმარებით აკეთებენ სამუშაო ვიზებს).

·კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები გამოკვეთეთ. მაშ რა გაძლევთ იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ეთნიკური დაპირისპირების რისკი დაბალია? – უბრალოდ ისტორია, თუ სადღეისოდ არსებული რეალობა?

·ყველაფერი ერთად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ 1990–იან წლებში, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობა ჩამოშლილი იყო, სპეცსამსახურების მცდელობის მიუხედავად, ეთნიკური შეტაკება არ მომხდარა. კვლევის პროცესში საინტერესო დეტალებსაც მივაგენი: 90–იან წლებში აზერბაიჯანულ სოფლებში უცხო პირები დადიოდნენ და მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ სვანების მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ანალოგიურად ხდებოდა ცრუ ინფორმაციის მიწოდება სვანებისთვის აზერბაიჯანელების თაობაზე. ბუნებრივია, მიზანი შუღლის გაღვივება იყო, თუმცა საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. სწორედ ბევრი მსგავსი მაგალითი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონფლიქტის პოტენციალი დაბალია.

·ვისაუბრეთ თურქეთის და ბაქოს გავლენაზე, მაგრამ ირანის კუთხით როგორია მდგომარეობა? ამ გავლენების არსებობის შესახებ პერიოდულად ისმის საუბარი. ვიცით, რომ ადგილობრივების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი შიიტია...

„საქართველოში შიიტების პოლიტიკური ცენტრი მარნეულია და ირანის გავლენაც უფრო მას ეხება“

·საქართველოში შიიტების პოლიტიკური ცენტრი მარნეულია და გავლენაც მას უფრო ეხება. თავად შიიტებიც ერთგვაროვანნი არ არიან, პირობითად შეიძლება, ორ ნაწილად გავყოთ: ირანისა და ერაყის სკოლების მიმდევრები. რაც შეეხება გარდაბანს, განსაკუთრებით ფონიჭალასა და გაჩიანში შიიტები მეტნი არიან და გავლენაც იგრძნობა. იგივე შიიტურ მეჩეთებში რომ შეხვიდეთ, ატრიბუტიკა და ა.შ., - ყველაფერი ირანიდანაა იმპორტირებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ირანის რელიგიური დოქტრინის გაზიარებისა, ქრისტიანულ მოსახლეობასთან პოზიტიური ურთიერთობის ქონას მაქსიმალურად ცდილობენ: ულოცავენ ქრისტიანულ დღესასწაულებს და ა.შ.

·ბუნებრივია, რელიგიურ გავლენას თან პოლიტიკურიც ახლავს. გასაგებია, რომ მეზობელ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, მაგრამ იმ მოვლენების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად ირანის ირგვლივ ხდება, მსგავსი გავლენა საქართველოსთვის რა რისკებს წარმოშობს?

„სახეზეა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის საქართველოში გადმოტანის მცდელობა და ესაა ყველაზე დიდი საფრთხე“

·ვფიქრობ, ამჟამად საქართველოსთვის ყველაზე დიდი რისკი ახლო აღმოსავლეთში ისლამის მიმდინარეობებს შორის არსებული რელიგიური შუღლის გადმოტანაა. ამის ჩანასახოვანი ფორმა ფონიჭალაში უკვე იყო: მოსახლეობის დიდი ნაწილი შიიტია, ხოლო დაახლოებით 20%, რომელიც ადრე შიიტი იყო, გახდა სალაფიტი. შიიტურ და სალაფიტურ მოსახლეობას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, მათ შორის, მოსახლეობამ სალაფიტური მეჩეთის მშენებლობა გააპროტესტა. მეჩეთთან დაკავშირებულ ინციდენტს კი სალაფიტების მიერ შიიტი ახალგაზრდის მკვლელობა უძღოდა წინ. კი ცდილობენ, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას დაუკავშირონ, თუმცა საინტერესო რამ მოხდა: მკვლელობის შემდეგ შიიტმა მოსახლეობამ სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყო და წინა რიგებში ორი ფოტო გამოფინა – გარდაცვლილი ახალგაზრდის და შიიტი შეიხის, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლებამ (საუდის არაბეთის ხელისუფლება სუნიტურია) სიკვდილით დასაჯა. ეს სიმბოლიზმი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის საქართველოში გადმოტანის მცდელობაა და ესაა ყველაზე დიდი საფრთხე. ფონიჭალის მაგალითი ამ რისკზე მიუთითებს. სამწუხაროდ, ამის საპასუხოდ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, – ვერც რელიგიათაშორის დიალოგს, ან რაიმე სხვა პრევენციულ ღონისძიებებს.

·და ბოლოს, კვლევას პოლიტიკური ნაწილიც ახლდა: მიუთითებთ, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილიაო. პრაქტიკიდან ვიცით, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნებში ყოველთვის მმართველი გუნდის კანდიდატი თუ პარტია იმარჯვებდა. ამ განწყობების ზრდას რა განაპირობებს: მოქალაქეობრივი თვითშეგნების ზრდა (უფრო კრიტიკულად უდგებიან საკითხებს), ოპოზიციური პარტიები მუშაობენ აქტიურად, თუ რა ხდება?

·ბევრი ფაქტორი. მაგალითად, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ფაქტობრივად, ფეოდალი იყო და ადგილობრივებს მისი მმართველობისგან ბევრი ტრავმა ახსოვთ, იყო დისკრიმინაცია. მერე ხელისუფლება შეიცვალა და ბევრისგან გამიგია, „იმ დროს თავი ადამიანებად ვიგრძენით“, „მიშამ სიტყვა „თათარი“ აკრძალაო“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აგრესიული ქმედებები არ ყოფილა, თუმცა გაიზარდა ეთნონაციონალისტური რიტორიკა, სხვადასხვა ეთნიკური კლანებისადმი მხარდაჭერა და ა.შ. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები. ამ ყველაფრის შედეგი ის იყო, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გარდაბანში ყველა აზერბაიჯანულ უბანზე წააგო, თუმცა მოიგო ქართული უბნები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები