
სოხუმის რეჟიმი 14 მარტიდან ენგურზე დე ფაქტო საზღვარს სრულად კეტავს
11/03/2020 11:29:44 კონფლიქტები
სოხუმის რეჟიმი 14 მარტიდან ენგურზე დე ფაქტო საზღვარს სრულად კეტავს. მიზეზად ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე სახელდება.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ დღეს საგანგებო თათბირი ჩაატარა ოპერატიული შტაბის წევრებთან, რის შედეგადაც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზეც, რა მუშაობა ტარდება მედიკოსების მხრიდან ვირუსის მქონე პაციენტების გამოსავლენად.
აღინიშნა, რომ ადგილზე შესაბამისი კვლევების ჩატარება შეუძლებელია, ამდენად, საეჭვო შემთხვევებში პაციენტების ანალიზები რუსეთში, კერძოდ სტავროპოლში იგზავნება.
თავად აფხაზეთში ტესტებს 19 მარტისთვის ელიან.
როგორც თათბირზე აღინიშნა, ჯერ-ჯერობით აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.