
ასლან ბჟანია კლინიკიდან გაწერეს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია
11/03/2020 11:39:02 კონფლიქტები
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია კრასნოდარის კლინიკიდან გაწერეს, - იუწყება რუსული მედია.
მისივე ონფორმაციით, ბჟანია აფხაზეთში ბრუნდება.
თუმცა აფხაზური მედიასაშუალებები სხვა ინფორმაციას ავრცელებენ” მათი მონაცემებით, ბჟანია კვლავ მოსკოვში ბრუნდება.
• 2 მარტს რუსეთში მყოფმა დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, წინა ე.წ. არჩევნების წინაპერიოდის მსგავსად, მოულოდნელად კვლავ შეუძლოდ იგრძნო თავი და იგი სასწრაფოდ მოათავსეს სოჭის კლინიკაში, სადაც მოგვიანებით მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს კრასნოდარის საავადმყოფოში გადასაყვანად.
• 3 მარტს “РИА Новости”-მ სამედიცინო წრეებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზური ოპოზიციის ლიდერს დიაგნოზი «დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლვა» დაუსვეს.
• 4 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ “აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი” ალექსეი დვინიანინი დაიბარა და რუსეთს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: “გენერალურმა პროკურატურამ ეს საქმე სათანადოდ უნდა გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, ეს არამეგობრულ ნაბიჯად ჩავთვალოთ და დავიცვათ აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და მოქალაქეებიო”. ამასთან, მან რუსული მედია ბჟანიას სავარაუდო მოწამლვის შესახებ ცნობების გავრცელების გამო ”აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში” დაადანაშაულა.
• თავის მხრივ, დვინიანინმა განაცხადა, რომ “სხვადასხვა აფხაზური პოლიტიკური წრეების წარმომადგენელი ექსტრემისტები რუსეთის საელჩოს პიკეტირებას გეგმავდნენ”.
• 5 მარტს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია ბჟანიას დიაგნოზის შესახებ, რომელიც რუსი მედიკოსების ოფიციალურ დასკვნას ეფუძნება «ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია».
• 9 მარტს ბჟანიას ე.წ. საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ იგი ოკუპირებულ რეგიონში 11 მარტისთვის დაბრუნდებოდა.
ცნობისთვის: ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოჰყვა, ოკუპირებულ რეგიონში 22 მარტისთვისაა დაგეგმილი. ასლან ბჟანიას გარდა, ძირითადი კანდიდატები დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შს დე ფაქტო ექს-მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა არიან.