
გალის რაიონში გრძელდება მასწავლებლების შევიწროვება
09/10/2025 15:26:00 კონფლიქტები
1 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი დააკავა. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, დაკავების დროს მის საცხოვრებელ სახლში ამოღებულ იქნა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე ქართული საბანკო ბარათები და ქართული პირადობის მოწმობის დოკუმენტი. როგორც დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ხიზანიშვილმა „თავისი კონტაქტები საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან" დაადასტურა. მას გადაღებული ჰქონდა „აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ის ერთ-ერთი სასაზღვრო პოსტი, რისთვისაც ფინანსური კომპენსაცია მიიღო“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ეხო კავკაზასთან“ კომენტარში განაცხადა, რომ მათ აამოქმედეს „ცხელი ხაზის“ მექანიზმი და ინციდენტის დეტალების გასარკვევად ყველა
არსებულ საშუალებას იყენებენ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შალვა ხიზანიშვილი გალის რაიონის ერთ-ერთი
სკოლის მასწავლებელია.
გუშინ აფხაზურ სოციალურ ქსელში მასიურად
გავრცელდა გალში მოქმედი რამდენიმე სკოლის დირექტორის წერილები მოსწავლეების პირადი
ინფორმაციის მითითებით, რომლებიც ქართულ ენაზეა შედგენილი და რომელთა ადრესატი არის
გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია. წერილების გავრცელებასთან
ერთად, პოსტების ავტორები აღნიშნავენ, რომ გალის სკოლები არა მხოლოდ იღებენ ხელფასს
საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ ანგარიშვალდებული არიან აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის განათლების სამინისტროსთან.
მოქმედი მასწავლებლის დაკავებისა და
„მტრულ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირების თაობაზე ცნობებს დე ფაქტო განათლების მინისტრი
ხანა გუნბა გამოეხმაურა.
„აფხაზეთის
რესპუბლიკის განათლების სამინისტრო სრულად უჭერს მხარს სამართალდამცავი ორგანოების
ძალისხმევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისკენაა მიმართული. სიმართლის დასადგენად, განათლების სამინისტრო საგამოძიებო
ორგანოებს ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს. უდავოა, რომ მსგავსი ინციდენტები პედაგოგიურ საზოგადოებას ჩრდილს აყენებს. განათლების სისტემაში უნდა
მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.
თუ ჩვენს სისტემაში არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, განათლების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმას, რომ მათ
განათლების სფეროში მომავალში
აღარ
იმუშაონ“ - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №1 საჯარო სკოლას ეწვია და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება ზუგდიდიდან მიულოცა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გალის რაიონში მოღვაწე პედაგოგების ძალისხმევას, რომლებიც „დიდი რისკისა და შიშის ფასად ახერხებენ სასწავლო პროცესის ქართულ ენაზე წარმართვას და ამით აფხაზეთში საქართველოსა და მის მომავალს ინარჩუნებენ“.
როგორც ცნობილია, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება 2021 წელს სრულად აიკრძალა და სასწავლო პროცესი მთლიანად რუსულ ენაზე გადავიდა. ქართული ენა კვირაში 3-4 საათი მხოლოდ "უცხოური ენის" სტატუსით ისწავლება.