Accentnews.ge
კვლევა: გუბერნატორების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები

კვლევა: გუბერნატორების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები

04/06/2019 05:16:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შვიდმა გუბერნატორმა ორ წელიწადში 130 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა - ამის შესახებ ნათქვამია IDFI–ს კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

კვლევის მიხედვით საწვავზე 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი ხარჯი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა გასწიეს. კვლევის ავტორების შეფასებით, მათ იმდენი ბენზინი მოიხმარეს, რამდენიც დედამიწისთვის სამჯერ შემოვლისთვის იქნებოდა საკმარისი. 

კვლევისვე თანახმად, გუბერნატორების ადმინისტრაციები ძვირადღირებული ავტომობილებით სარგებლობენ, რომლებიც ან ნაჩუქარია, ან დროებით სარგებლობაში. თავად პროცესი კი გაუმჭვირვალეა.

ძირითადი მიგნებები: 

- 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე; 

- ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული;

- გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ; 

- 2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან; 

- 2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა; 

- 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი;

- 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან; 

- 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს;

- თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას;

- 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს;

- 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა.

„ორ წელში დაახლოებით, 130 ათასი ლიტრი საწვავია მოხმარებული 7 გუბერნატორის მიერ, ისინი ყოველწლიურად ამ მოცემულობით გადიოდნენ 50 ათას კილომეტრს, რაც ნიშნავს, რომ მათ ყოველდღიურად უნდა გაევლოთ 150-დან 200 კილომეტრამდე, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვებს. ყველა გუბერნატორს ემსახურება "ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში უსასყიდლოდ არის მიღებული. ესეც ერთგვარი პრობლემაა ამ ავტოპარკის გამჭვირვალე განკარგვის თვალსაზრისით,“-აცხადებს IDFI-ის  სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი.

კვლევა იხილეთ https://idfi.ge

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S