Accentnews.ge
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

15/01/2026 10:54:36 პოლიტიკა, სამართალი

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა.

ამის შესახებ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, BBC-იში საჩივარი გუშინ, 14 იანვარს, შეიტანეს.

პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ და ცილისწამებას უწოდებენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, BBC-სგან ითხოვენ, რომ საგამოძიებო ფილმი და მასთან დაკავშირებული მასალები შესაბამისი პლატფორმებიდან აიღონ და ბოდიში მოიხადონ.

„საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.

ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს: ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან, BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშილი ამბობს, დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა. პაპუაშვილის თქმით, თუ BBC „თავად არ გამოასწორებს დარღვევას“, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. მისი თქმით, ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროშიც „არ აღმოიფხვრა დარღვევა“, ამის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, დიდი ბრიტანეთის სასამართლოს მიმართონ.


BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

სუს-მა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები, რომელთა კვლევაც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებს.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისს მიმართა, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S