
ხაზარაძე მთავრობას კრიზისული სიტუაციის სამართავად რამდენიმე რჩევას აძლევს
12/03/2020 12:39:23 საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ–ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავრობას ახალი ტიპის კორონავირუსის ფონზე შექმნილი კრიზისული სიტუაციის სამართავად რამდენიმე რჩევას აძლევს.
"მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მთავრობას, რომ ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება პარტიის სახელით და სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ეროვნულმა ბანკმა, კომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა შეადგინონ სპეციალური გეგმა. უნდა მოხდეს ყველა იმ ინდუსტრიების აღრიცხვა, რომელიც მიიღებს პირველ ეკონომიკურ დარტყმას და, შესაბამისად, უნდა მოხდეს საკმაოდ სერიოზული რეფინანსირების და შეღავათების პაკეტის დადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობაში სახელმწიფოს ჩართულობით, ეროვნული ბანკის ჩართულობით საჭიროა შეიქმნას ერთ მილიარდიანი სტაბილურობის ფონდი, რომელიც გადაატანინებს ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას. ბუნებრივია, ყველა გამოწვევას აქვს დასასრული და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ნაკლები ზარალით და პრობლემებით გადავაგოროთ ეს გამოწვევა. შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ შევიდეს საკანონმდებლო ინიციატივა და ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრება საგადასახადო სიმძიმე, მოხდეს საგადასახადო შეღავათების შემოტანა. იმედია, მთავრობა ფიქრობს ამაზე და ველოდებით მათ ნაბიჯებს. დღეს ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ჩამოიშალოს ეკონომიკა და არ დაზარალდეს სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრია", – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მან მედპერსონალს "თავდაუზოგავი შრომისთვის" მადლობა გადაუხადა:
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ექიმს და სამედიცინო პერსონალს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის რომ დაამარცხოს ეს გამოწვევა - პანდემია, რომელიც, ბუნებრივია, არ არჩევს არავის არანაირი ნიშნით. ეს ადამიანები დგანან ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მინდა მოვუწოდე ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს მოსახლეობას, რომ მკაცრად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც არის ამ მიმართულებით მოწოდებული და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დღეს არის სოლიდარობის და გვერდით დგომის დრო".
მისივე თქმით, პარტია მაქსიმალურად გადადის ონლიან რეჟიმში:
"ჩვენ გვექნება სერიოზული პროგრამები და ამას გავაკეთებთ ონლიან სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ხალხთან ურთიერთობის გარეშე არ არსებობს, მაქსიმალურად შევამცირებთ ნებისმიერ თავშეყრას და ყველაფერი გვექნება იმისკენ მიმართული, რომ კონტაქტები ადამიანებს შორის დავიყვანოთ მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულ საშუალებებზე".
ამასთან, ხაზარაძემ მთავრობას ელექტრონული არჩევნების სისტემაზე მუშაობისკენ მოუწოდა:
"მთავრობამ ასევე უნდა იფიქროს, რომ სასწრაფო წესით გადავიდეს ელექტრონული მთავრობის მოდელზე და შემუშავდეს ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ადაპტირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პანდემია გაივლის. ჩვენ და კაცობრიობა დავამარცხებთ მას, უნდა ვიფიქროთ ელექტრონული არჩევნების სისტემაზე. აუცილებელია, ყველა თანამედროვე მეთოდი გამოვიყენოთ, რათა ადამიანებს შეეძლოთ ელექტრონულად თავიანთი ხმების დაფიქსირება".