
აფხაზეთის მთებში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
12/03/2020 16:07:02 კონფლიქტები
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთის მთებში “ანტიდივერსიულ ტაქტიკურ სამხედრო წვრთნებს” ატარებენ.
წვრთნები წებელდის პოლიგონზე მიმდინარეობს.
“სამხედროები სნაიპერულ და სხვა იარაღს, ასევე ტყვიამფრქვევ «Печенег»-ს იყენებენ. დაგეგმილია სადაზვერვო-დივერსიული და ანტიდივერსიული ამოცანების შესრულება დღისა და ღამის პირობებში პირობითი მტრის უკანონოდ შეღწეული ჯგუფების გასანადგურებლად, მათ შორის – უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. პირობითი მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ მზვერავები სპეცსაშუალებებით გადასცემენ მის კოორდინატებს სამეთაურო შტაბს საარტილერიო ძალებისა და ავიაციის გამოყენებით მისი შემდგომი განადგურებისთვის” – იუწყება სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.
სულ საბრძოლო მომზადების საწვრთნელ ღონისძიებებში 300-ზე მეტი სამხედრო, 30-მდე ერთეული ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82АМ, ასევე სადაზვერვო ჯავშანმანქანები «Дозор» და КамАЗ «Мустанг»-ია ჩართული.