Accentnews.ge
„ქართული დღეები ვაშინგტონში“ — აშშ-ის დედაქალაქი საქართველოს დამოუკიდებლობის, ქართული კულტურისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

„ქართული დღეები ვაშინგტონში“ — აშშ-ის დედაქალაქი საქართველოს დამოუკიდებლობის, ქართული კულტურისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

16/05/2026 15:41:00 საზოგადოება

17-დან 26 მაისამდე, ქალაქ ვაშინგტონში “ქართული ასოციაციის” ორგანიზებით, ღონისძიებების კვირეული, "ქართული დღეები ვაშინგტონში“ გაიმართება.

როგორც „აქცენტს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს მიეძღვნება.

კვირეული მოიცავს ისტორიულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს:

  • 17 მაისი — ნიუ იორკში დაფუძნებული ქართული ფოლკლორული ანსამბლი„ფესვების“ კონცერტი “თამარ მეფე” და გახსნითი სადღესასწაულო მიღება American University Katzen Performing Arts Center-ში.
  • 21 მაისი — ტრივია ქართულ თემატიკაზე — ოჯახური გასართობი საღამო, სადაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წამყვანი და მოხალისეები გაუძღვებიან ქართული ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების თემაზე ინტერაქტიულ შეჯიბრს ჯორჯთაუნში მდებარე ბარ The Tombs-ში.
  • 23 მაისი — ქართული ანბანის ვორქშოფი — პრაქტიკული სემინარი, რომელიც მონაწილეებს გააცნობს მხედრული დამწერლობის ისტორიასა და ესთეიკას. ღონისძიება გაიმართება ვაშინგტონის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ბიბლიოთეკაში.
  • 25 მაისი — ქართული ლიტერატურული ჟურნალ „ერთობის“ წარდგენა — რომელიც აღადგენს ემიგრაციაში არსებული მრავალწლიანი ლიტერატურული ტრადიციის გაგრძელებას. ღონისძიება ვირტუალურია და დასწრება შესაძლებელია Zoom-ის საშუალებით.
  • საქართველო–აშშ-ის სამხედრო პარტნიორობის ისტორიის გამოფენა Martin Luther King Jr. Memorial Library-ში და არლინგტონის სასაფლაოზე ვიზიტი. ღონისძიება ეძღვნება ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ხანგრძლივ ისტორიას.

„პროექტის მიზანია აღვნიშნოთ არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ჩვენი საზოგადოების სიმტკიცე და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები. იმ დროს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული და დასავლური მისწრაფებები კვლავაც გამოწვევების წინაშე დგას, ასოციაციის მრავალწლიანი მისია, ადამიანების გაერთიანება კულტურის, განათლებისა და საერთო მემკვიდრეობის გარშემო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენთვის დიდი პატივია, შევქმნათ სივრცე, სადაც შეგვეძლება შევიკრიბოთ, გავამყაროთ ქართულ-ამერიკული კავშირები და საზოგადოება საერთო ღირებულებების გარშემო გავაერთიანოთ“ — განაცხადა ქართული ასოციაციის პრეზიდენტმა, სალომე წერეთელი-სტივენსმა.

„ქართული დღეები“ თავს მოუყრის ქართველებს, ქართველ-ამერიკელებსა და საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქიდან. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციებია ფოლკლორული ანსამბლი “ფესვები”, საქართველოს ამერიკელი მეგობრები - American Friends of Georgia, ქართული მემკვიდრეობის აკადემია - The Academy of Georgian Heritage და ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი - Veterans Charitable Foundation.

17 მაისს, გახსნით ღონისძიებაზე ქართული ასოციაცია საქართველოს მკვლევარს, ავტორსა და ქართველოლოგს, პიტერ სკინერს, ქართული კვლევებისა და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვებს. აღსანიშნავია მისი ნაშრომი Georgia: The Land Below the Caucasus: A Narrative History (2014), რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებაში გაზარდა ინტერესი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.

ცნობისთვის: აშშ-ში ქართული ასოციაცია 1932 წელს დაარსდა ქართველი ემიგრანტების მიერ. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, დაეხმაროს აშშ-ში ქართულ დიასპორას ქართული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში და გააძლიეროს ქართულ-ამერიკული საზოგადოება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S