Accentnews.ge
კალანდიას მამა – შვილის დაკავებაზე: "პოლიტიკური ინტერესი არსებობს"

კალანდიას მამა – შვილის დაკავებაზე: "პოლიტიკური ინტერესი არსებობს"

04/06/2019 09:11:52 სხვა, სამართალი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია აცხადებს, რომ მისი ვაჟი უდანაშაულოა, თავად დაკავება კი პოლიტიკურად მოტივირებული.  

"ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს "რუსთავი 2"- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს", - განუცხადა თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს შსს-სთან, სადაც მისი დაკავებული შვილია გადაყვანილი. 

ანალოგიური პოზიცია აქვს კალანდიას ძმასაც.   


“მიხეილ კალანდიას ხელში საერთოდ არ ჭერია დანა. ბიჭი არის უდანაშაულო და უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა, მაგას ვნახავთ, რა. ეს ქვეყანა ჩალით არაა დაფარული. ზაზა სარალიძემ იცის, რომ კალანდია უდანაშაულოა. მივდიოდით პროცესზე, მიხეილი უნდა დაკითხულიყო და შუა ტრასაზე ჩაატარეს სპეცოპერაცია – მიხეილი აიყვანეს და ისე გაჟღერდა, რომ მიხეილი ქალაქს ტოვებდა”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის ანი კოტეტიშვილის განცხადებით, კალანდია ქალაქის დატოვებას არ აპირებდა და ის სასამართლოსკენ გზად მიმავალი დააკავეს.

„დღეს, 11:00 საათზე იყო დანიშნული მოსამართლე გიორგი დარახველიძესთან სასამართლო სხდომა, სადაც მოწმის სახით მიხეილ კალანდიას დაკითხვა უნდა მომხდარიყო. დაახლოებით, თერთმეტს რომ აკლდა წუთები, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გზაში დააკავეს.ბრალის ფორმულირება ამ წუთებში ჩემთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება პოზიციას, ჩვენ როცა გავეცნობით ბრალს, ამის შემდეგ ვისაუბრებთ. მე მას შევხვდი, თუმცა არ გვისაუბრია დეტალებზე. მას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მოკლული დათო სარალიძის მამა ფიქრობს, რომ “სამართალი აღდგენილია”.

“მინდა, მადლობა გადავუხადო იმას, ვინც ჩათვალა, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი და ვნახოთ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. რა თქმა უნდა, მოლოდინი მქონდა, რომ დააკავებდნენ. ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე იყო მიხეილ კალანდია. ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტები აღარ განმეორდეს. ბოლომდე მივყვები გამოძიებას, ვიდრე ყველა დეტალი არ იქნება გამოძიებული. სამართალი მაშინ აღდგება ბოლოდე, როცა ამ საქმეში მონაწილე ყველა ფიგურანტი იქნება დაკავებული.” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S