
16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეზღუდვა იგეგმება
15/03/2020 13:31:09 საგარეო პოლიტიკა
16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეზღუდვა იგეგმება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეცწარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს.
„კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან საკარანტინო შეზღუდვები უკვე დააწესა. მიღებული ზომები ეხება მოქალაქეებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება. გარდა ამისა, სამი ქვეყნის (აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს) პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია.
იხილეთ ასევე: რუსეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს მთავრობას ამ ქვეყანასთან საზღვრის ჩაკეტვას სთხოვენ
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული, რუსეთში კი – 59.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021