
„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმა შეიმუშავოს
16/03/2020 11:34:11 საშინაო პოლიტიკა
„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად.
„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: 1) შეიმუშაოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად; 2) მაქსიმალურად გაკონტროლდეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები და ყველა პირის მიმართ განხორცილდეს სადიაგნოსტიკო ღონისძიებები სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობით; 3) გაუწიოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დახმარება, როგორც საინფორმაციო გაიდლაინებით და სამედიცინო ინვენტარით (მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო ტესტებით, სუნთქვის აპარატებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით), ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისებით - როგორც ტერიტორიის შიგნით (საჭიროების შემთხვევაში), ასევე საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს; წინასწარ გამოთავისუფლდეს ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს სტაციონარის ის ადგილები, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება რისკ-ჯგუფების განთავსება და სამედიცინო ღონისძიებების გატარება“, - აცხადებენ „ლელოში".
პოლიტიკური გაერთიანების წევრის გიორგი კანაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის დასახმარებლად ,,ლელო საქართველოსთვის’’ მუშაობს ძალიან სერიოზულ ხედვაზე, რომელიც უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება:
,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი პრიორიტეტია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გავაჟღერეთ აფხაზურ საზოგადოებასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივა. ჩვენთვის ცნობილია, რომ როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში სამედიცინო თვალსაზრისით სიტუაცია ძალიან მძიმეა. სამედიცინო ინფრასტრუქტურა კორონავირუსისთვის სრულიად მოუმზადებელია. ამ ეტაპზე ცხინვალში უკვე რამდენიმე ადამიანია გადაყვანილი კარანტინში. საკონტროლო პუნქტები ჩაკეტილია დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ არ არის ჩაკეტილი რუსეთთან. საქართველოს სუვერენიტეტი ფსოუმდე და როკის გვირაბამდე ვრცელდება და მიუხედავად რუსეთის მიერ დროებითი ოკუპაციისა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ".
პოლიტიკური გაერთიანების წევრმა ლანა გალდავამ აღნიშნა, რომ ,,ლელო საქართველოსთვის’’ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა:
„მინდა, მადლობა გადავუხადოთ სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, პოლიციის წარმომადგენლებს, რომელთაც მუდმივი, ყოველდღიური კონტაქტი აქვთ რისკჯგუფებთან და გვაჩვენებენ სამოქალაქო გმირობის მაგალითს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ, ჩვენს თანამოქალაქეებთან - აფხაზებთან და ოსებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, რომელსაც ამ შემთხვევაში სიტუაციის მართვის ყველაზე დიდი ბერკეტი აქვს და, ამავდროულად, გააჩნია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ - დავსხდეთ ერთად, დავსახოთ გეგმები, მივიღოთ სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილი და სამოქმედო გეგმა, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს".