„მოსახლეობას ვპირდები, რომ ხელს არავინ მოითბობს, მაგრამ ისე ნუ იზამენ, რთულ მდგომარეობაში ჩააყენონ თავიც და სხვებიც“

16-03-2020 16:54:21 ეკონომიკა ,კომენტარი

მთავრობის წევრებისა და ბიზნესმენთა არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ ტვირთებისთვის ქვეყნის საზღვრები არ იკეტება და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის დეფიციტის საფრთხე არ დგას, საქართველოს მოქალაქეები მარაგების დაგროვებას განაგრძობენ. სოციალურ ქსელში რიგი სავაჭრო ობიექტების დაცარიელებული დახლების ფოტოები გავრცელდა, რაც ნეგატიურ მოლოდინს კიდევ უფრო აღრმავებს, რიგ პროდუქტზე კი ფასების ზრდაც დაფიქსირდა.

დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია მოქალაქეებს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად ჩემცირდა, ისევე, როგორც უცხოეთიდან ფულადი გზავნილები, პანიკა ეროვნული ვალუტისთვის კიდევ ერთი წნეხია.

როგორც ჭყონია "აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, პანიკის პირობებში პროდუქციაზე მოთხოვნა არარეალურად იზრდება, კომპანიებს კი გაუფასურებული ლარის პირობებში დაგეგმილზე მეტი პროდუქტის შემოტანა უწევთ:

თუ პანიკური რეჟიმი არ მოიხსნა, ეს ლარისა და ზოგადად ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე იქნება. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს – საზღვრები ტვირთისთვის ღიაა, ყველა პროდუქტი შემოდის. მაგალითად, თუ რომელიმე ბრენდის პროდუქტი გათავდა, არსებობს სხვა ბრენდის და ა.შ. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ერთ–ერთი უცხოური ჰიპერმარკეტის ცარიელ დახლებს აჩვენებენ. ნახონ სხვა ქსელების ობიექტები, რომლებიც საბითუმო ფასებზე მუშაობენ – აბსოლუტურად სავსეა პროდუქტით. ჩვენმა მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ რიგ შემთხვევაში სადისტრიბუციო კომპანიები რიგ პირობებზე ვერ ვთანხმდებით და პროდუქტს კონკრეტულ ქსელს არ ვაწვდით. რაც შეეხება უცხოურ მაგალითებს, როდესაც ჰიპერმარკეტებში არსებულ რიგებს აჩვენებენ, იქ ჰიპერმარკეტები ძირითადად ქალაქიდან მოშორებითაა განთავსებული, ჩვენ კი ყველა უბანში მცირე ზომის მაღაზია გვაქვს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მარაგდებიან“.

რაც შეეხება რიგ პროდუქტზე ფასების ზრდას, ჭყონია ყოველგვარ სპეკულაციას გამორიცხავს:

„ერთია, როდესაც დოლარი 2.80 ლარში გაქვს ნაყიდი და უცებ 3.00 ლარად გიწევს ყიდვა. თუ კომპანიებმა ძალიან სენსიტიურ პროდუქტზე ფასი არ მოამატეს, უნდა გაკოტრდნენ. არანაირი სპეკულირება არ მიდის, უბრალოდ იძულებულები არიან. სწორედ ამიტომ მოქალაქეებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ: ნუ ჩავარდებიან პანიკაში და პანიკურად ნუ დაიწყებენ პროდუქციის მომარაგებას. სწორედ ეს ქმნის პრობლემას“.

ჭყონია ფასების ზრდას არ გამორიცხავს:

ჩვენ იმპორტირებულ პროდუქტზე ვსაუბრობთ – ადგილობრივი არაფერი გვაქვს. ადგილობრივ წარმოებასაც იმპორტირებული ნედლეული სჭირდება. ფასების მატება რაც შეიძლება, მინიმალურად მოხდება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სხვა გზა არ იქნება. თუ პანიკა მოიხსნა, თუ მოქალაქეები არ გავარდებიან და არ იყიდიან მაგალითად, 20 ლიტრ ზეთს, ყველაფერი სტაბილურად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები იძულებულები გახდებიან, პროდუქტი ძვირ ფასში შემოიტანონ. მაქსიმალურად ვცდილობთ, კომპანიებმა უბრალოდ თავი გაიტანონ – მოგებაზე არავინ მუშაობს. მოსახლეობას ვპირდები, რომ ხელს არავინ მოითბობს, მაგრამ ისე ნუ გააკეთებენ, რომ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაიყენონ თავიც და მოსახლეობაც“.

მისივე თქმით, სადისტრიბუციო კომპანიები სოციალურ პასუხისმგებლობას იზიარებენ:

„პარტნიორები ერთი მაგიდის გარშემო ვსხედვართ და სხვა, განსაკუთრებულ რეჟიმში ვმუშაობთ. ონლაინ-რეჟიმზე ვერ გადავალთ და შესაძლოა, საკუთარ თავზე საკმაოდ დიდი დარტყმა მივიღოთ – ფაქტობრივად, რისკის ფასად გვიწევს მუშაობა. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და პრობლემები არ შეიქმნას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები