სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 78–მდე გაიზარდა

18-03-2020 10:28:22 კავკასია

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაადასტურა. 18 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით სულ 78 ადამიანია დაავადებული.

ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტაროსიანის ინფორმაციით, 78-დან 18 პაციენტი კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა და დაავადების სიმპტომები არ ჰქონდათ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა უმრავლესობას მაღალი ტემპერატურა არ აქვს და თავს კარგად გრძნობენ.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

საქართველოსთან უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებს შორის კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი – 114 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა რუსეთში. თურქეთში 98, მათ შორის ერთი ლეტალური. 18 მარტის დილის მონაცემებით, აზერბაიჯანში დადასტურებულია 34 შემთხვევა, მათგან ერთი – ლეტალური.

18 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით სულ 38 ადამიანი დაავადდა.

ცნობისთვის: კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობით ესპანეთმა და გერმანიამ სამხრეთ კორეას გაასწრეს, სადაც ბოლო დრომდე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

18 მარტის 10:00 საათის მდგომარეობით, ესპანეთში დაავადდა სულ 11 826 ადამიანი. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 1028. გარდაცვლილია 533.

გერმანიაში ინფიცირებულია სულ 9 367 ადამიანი. მათგან 26 გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 67.

ესპანეთი და გერმანია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ამჟამად მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან ჩინეთის, იტალიის და ირანის შემდეგ. მეექვსეზეა სამხრეთ კორეა, სადაც 18 მარტის 10:00 საათის მონაცემებით, სულ დაავადდა 8413 ადამიანი, მათგან 84 გარდაიცვალა და 1540 გამოჯანმრთელდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად ევროპა გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები