
„თბილისი პრაიდი“ საქართველოსა და ევროპარლამენტარს შორის დაპირისპირების საგნად იქცა
04/06/2019 14:33:55 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
„თბილისი პრაიდი“ საქართველოსა და ევროპარლამენტარს შორის დაპირისპირების საგნად იქცა. კერძოდ, ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა „ტვიტერში“ პირად გვერდზე “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთ ორგანიზატორის გიორგი თაბაგარის „ტვიტი“ გაიზიარა, რომელშიც თაბაგარი საქართველოს შსს–ს განცხადებას ციტირებდა, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია“.
“ვერ ვიჯერებ, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის პოზიცია“, – დაწერა რებეკა ჰარმსმა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავაც მონიშნა.
“რას გულისხმობთ? ამ თვალსაზრისით საქართველოში სადარდებელი ნამდვილად არაფერია. გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი ინფორმაცია. მსგავსი სახის კომენტარები არის ზუსტად ის, რაც აღმავალი დემოკრატიის იმიჯს ვნებს”, – ასე უპასუხა ევროპარლამენტარს ხულორდავამ.
ხულორდავას კომენტარს ევროპარლამნტარი ასე გამოეხმაურა: „როგორც აღვნიშნე, მე ამის დაჯერება მიჭირს. არ უთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მას “თბილისი პრაიდისთვის” უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია?”.
ცნობისთვის: 31 მაისს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ შემოთავაზებული ფორმით შემოთავაზებულ ადგილებზე ჩატარება შეუძლებელია“. იმავე დღეს "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასმართლოს მიმართავენ. მათივე თქმით, შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას.
18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში სიამაყის კვირეულის გამართვას გეგმავს. თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის მსვლელობა.