
COVID-19-ის გამო აფხაზეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა
18/03/2020 19:05:25 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარუდებლად რეგიონში რიგი ახალი შეზღუდვები დააწესა.
ბრძანებულებაში, კერძოდ, ნათქვამია: 1. აფხაზეთში მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩასულ პირებს დაევალოთ 14-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია სახლის პირობებში; 2. “სახელმწიფო” ორგანოების, ყველა სახის საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამსახურში მაღალი სიცხის მქონე თანამშრომლების დაშვება აეკრძალოთ; 3. იმავე უწყებებსა და ორგანიზაციებს დაევალოთ, მიმდინარე წლის 7 აპრილამდე გაათავისუფლონ შრომითი ვალდებულებებისგან 60 წელს გადაცილებული თანამშრომლები ამ პერიოდის ანაზღაურების შენარჩუნების პირობით; 4. 30 მარტამდე შეწყდეს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება; 5. 30 მარტამდე გახანგრძლივდეს არდადეგები სასკოლო დაწესებულებებში; 6. 30 მარტამდე შეწყდეს სასკოლო წრეების, სპორტული და სხვა სახის სექციების ფუნქციონირება; 7. 30 მარტამდე შეწყდეს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირება; 8. 20 მარტიდან 7 აპრილამდე შეწყდეს უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების საექსკურსიო განაცხადების მიღება, ასევე თავად ექსკურსიების ორგანიზება აფხაზეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად; 9. რელიგიურ ორგანიზაციებს დაევალოთ, 7 აპრილამდე აკრძალონ ზემოაღნიშნულ პირთა მოლოცვითი აქციები; 10. აფხაზეთის “მოქალაქეებს” სარიტუალო ღონისძიებების 7 აპრილამდე გადადების რეკომენდაცია მიეცეთ.