
სასურსათო, სააფთიაქო, საბანკო, ბენზინგასამართი და საფოსტო ქსელების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება
19/03/2020 17:03:07 საშინაო პოლიტიკა
საქართველოში სასურსათო, სააფთიაქო, საბანკო, ბენზინგასამართი და საფოსტო ქსელების გარდა, ყველა ობიექტი იხურება.
„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით გარდა, სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, მიზანი ვირუსის გავრცელების ტემპის მაქსიმალური შენელებაა, რათა სამედიცინო დაწესებულებას მიეცეთ ვირუსთან ეფექტურად გამკლავების შესაძლებლობა.
„ქვეყანა მზადაა, გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს“,– აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა საგნაგებო მდგომარეობის გამცხადების შესაძლებლობა და როცა ამის საჭიროება დადგება, არსებობს მზაობა, რამოდენიმე საათში მოხდეს გამოცხადებაც და აღსრულებაც.
„დღეის მდგომარეობით ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა როგორც კი დადგება, რამდენიმე საათში შევძლებთ აღსრულებას. როგორც კი მედიკოსებისგან მივიღებთ მსგავს რეკომენდაციას, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.ეს გლობალური გამოწვევაა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და არა შიში“,– განაცხადა გახარიამ და მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.