
"საგანგებო ვითარებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა"
20/03/2020 07:52:04 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე "ერთი ნაბიჯი დარჩა".
„ჩვენ საგანგებო მდგომარეობამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი. დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში. ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ 3 კვირა. პირველი, შეკავების ფაზა გავიარეთ საკმაოდ წარმატებულად, ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ერთი-ორი კვირა გაგრძელდება და მას მოჰყვება უკვე კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები, სწორედ ამას ვეძახი მე უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას და აქ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ვითარება დავძლიოთ, მაგრამ აქ აუცილებელია მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური სიმჭიდროვის განტვირთვა - დარჩით სახლში!“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.