
ბოლო წლების განმავლობაში პირველად, გაერო–ში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა
04/06/2019 21:39:36 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ბოლო წლების განმავლობაში პირველად, გაერო–ში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ , ასამბლეის 79-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, ხმა 15-მა მისცა. კენჭისყრაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა 57-მა წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეზოლუციას 2017 წელს 80–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 2018 წელს – 81–მა ქვეყანამ. აღსანიშნავია, რომ წელს რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ასევე შემცირებულია ერთი ქვეყნით. კერძოდ, წელს სომხეთი კენჭისყრას არ ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ იგი ყოველ წელს რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.
წელს პირველად, რეზოლუცია კენჭისყრაზე, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გაერო-ს კიდევ 44 წევრის ინიციატივით წარდგა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპის ყველა ქვეყანამ, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა.
დოკუმენტმა ჩრდილოეთ ამერიკის სამი უდიდესი ქვეყნის – კანადის, აშშ-სა და მექსიკის მხარდაჭერაც აქვს. რეზოლუციას მიემხრო ცენტრალური ამერიკის შვიდი ქვეყნიდან ხუთი.
სამხრეთ ამერიკის კონტინენტური ნაწილის 12 ქვეყნიდან მხარდაჭერა მხოლოდ ურუგვაიმ გამოთქვა, ათმა წევრმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი, მხოლოდ ვენესუელა აღმოჩნდა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა სულ 15-მა წევრმა დააფიქსირა: ბელარუსმა, ბურუნდიმ, კომორის კუნძულებმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, მიანმარმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ, ვიეტნამმა და ზიმბაბვემ.
კენჭისყრას არ ესწრებოდა სულ 39 ქვეყანა, მათ შორის – ავღანეთი, სომხეთი და თურქმენეთი. იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც კენჭისყრას არ ესწრებოდნენ, აფრიკის სახელმწიფოები ჭარბობენ.
აღნიშნული რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.