
რა გეგმა აქვს ზელენსკის სააკაშვილთან დაკავშირებით – უკრაინის პრეზიდენტის კომენტარი
05/06/2019 04:38:22 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე არ განიხილება.
"ის კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. ახლა არა. ამაზე ახლა არ ვფიქრობთ,"-განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში.
ანალოგიური პასუხი გასცა "რუსთავი 2"–ს უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმაც. იულია მენდელის თქმით, დატვირთული გრაფიკის გამო, სავარაუდოდ, არ მოხდება ზელენსკი-ბახტაძის შეხვედრაც.
"რუსთავი 2"–ის ცნობით, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტი ერთ სასტუმროში გაჩერდნენ.არსებობდა ვარაუდი, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ზელენსკისთან არაფორმალურ გარემოში ცდილობდა შეხვედრას და ვიზიტის ერთ–ერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე მოლაპარაკება იყო.
"ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ, ერთად შევკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები განახორციელონ. ვფიქრობ, არა მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებას ადევნებდა თვალს იმ ძირეული ცვლილებებს, რომელიც საქართველომ განიცადა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველოს გამოცდილება და ცოდნა საინტერესო იქნება უკრაინისთვის. აქ საუბარი არაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ასევე თანამშრომლობაზე ოფიციალურ სტრუქტურებთან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, პრეზიდენტმა აღადგინა სამართლიანობა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. შემგომი ნაბიჯები სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან.
ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე სასტუმროში გაჩერდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში იცხოვრებს. როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალური ვიზიტების დროს სახელმწიფო ლიდერებს ძალიან მჭიდრო განრიგი აქვთ. შესაბამისად, ძალიან რთულია ამ განრიგში რაიმე ახალი შეხვედრის ჩასმა. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რომ სცოდნოდათ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ, ისინი შეხვედრას წინასწარ დაგეგმავდნენ,"-აცხადებს იულია მენდელი.