
"საგანგებოს რეჟიმი რა შეზღუდვებსაც აწესებს, მათი უმრავლესობა პრაქტიკაში უკვე დანერგილია"
21/03/2020 11:08:29 საშინაო პოლიტიკა
ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანის განცხადებით, "საგანგებოს რეჟიმი რა შეზღუდვებსაც აწესებს, მათი უმრავლესობა პრაქტიკაში უკვე დანერგილია".
"საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამას ველოდებოდი და, ვფიქრობ, ეს ნაბიჯი აუცილებელიც იყო, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა. ბუნებრივია, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
მესმის, საგანგებო მდგომარეობის შემოღება ცოტა მძიმედ ჟღერს, თუმცა ისე არ წვიმს, როგორც ქუხს - საპანიკო ნამდვილად არაფერია. საგანგებოს რეჟიმი რა შეზღუდვებსაც აწესებს, მათი უმრავლესობა პრაქტიკაში უკვე დანერგილია. მოსახლეობის უმრავლესობა ისედაც თვითიზოლაციაშია და გარეთ სიარული ყველას თავადვე აქვს შეზღუდული.
ასე რომ, ჯობს ამ ეტაპზე ცოტა ხანი უფრო მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და სამაგიეროდ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი.
არ შევხედოთ ამ ამბავს დრამატულდ უბრალოდ ცოტა მოგვენატრება ერთმანეთი, ძალიან მალე დამთავრება ეს ამბავი და ყველა დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრების წესს" - აცხადებს გვიდიანი.
ცნობისთვის: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევვა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.
„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგმარეობის რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღოსნიძიებები. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდგომ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება გადაწყვეტილებას და ეს იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ამ ქმედებებს ექნება სავალდებულო ხასიათი“, - აღნიშნა გახარიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული. 46 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.