
პრეზიდენტი: "ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე"
21/03/2020 11:11:49 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.
შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და ასევე დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახდინეთ და ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზადების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციურ ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება გამოცხადებისთანავე.
ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე. ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები გამომდინარეობს შექმნილი მდგომარეობიდან. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალიწინებული იყო ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ შეიზღუდა არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ თავისი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის სრული კარანტინი და კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმები შეინარჩუნონ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით“.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩინდება.