
"ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად ითვლება"
22/03/2020 16:07:33 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად ითვლება, - ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ დე ფაქტო ცსკ-ში გაკეთდა.
მისივე ცნობით, ადგილობრივი დროით 18:00 სთ-ისთვის ხმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58,85%-ს, კერძოდ 77 573 ათას ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს განმეორებითი “საპრეზიდენტო არჩევბნები” იმართება. დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: შს დე ფაქტო ექს-მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა, ოპოზიციის ლიდერი – დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის “მინისტრი” ადგურ არძინბა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე 35 ოლქია გათვალისწინებული. რაიონების მიხედვით ისინი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: გაგრის რაიონის – 9-13 ოლქი; გუდაუთა - 14-20; სოხუმის რაიონი - 21-23; ქალაქი სოხუმი -1-8; გულრიფშის რაიონი - 24-26; ოჩამჩირეს რაიონი - 27-32; ტყვარჩელის რაიონი - 33-34; გალის რაიონი – 35-ე ოლქი.
თითოეული ოლქი უბნებადაა დაყოფილი. მთლიანობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი მოქმედებს, კიდევ 2 – აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, მოსკოვსა და ჩერკესსკში.
ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა, - იუწყება «Апсныпресс».