რა შეზღუდვებს ითვალისწინებს კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში

23-03-2020 00:51:46 საშინაო პოლიტიკა

მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პრემიერმა განმარტა თუ რა შეზღუდვებს ითვალისწინებს კარანტინი:

„დღეს საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს:

  • დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად.
  • ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინსიტროს სრული პრეროგატივა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს მარნეულში მცხოვრებ ქალს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული იმყოფებოდა წლისთავზე და პირს 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები