
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “მოქალაქეებისთვის” შეზღუდვა შეარბილა
23/03/2020 12:07:21 კონფლიქტები
რუსეთის მთავრობამ დსთ-ის სახელმწიფოების მოქალაქეების, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის წესები შეარბილა. გამონაკლისი იქნება დაშვებული იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შედიან და სამშობლოში ბრუნდებიან.
განკარგულებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. მან დაავალა უშიშროების ფედერალურ სამსახურს, აღნიშნული მოქალაქეების რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე გატარება უზრუნველჰყოს, “როსპოტრებნადზორსა” და მის ტერიტორიულ ორგანოებს კი მიეცათ ბრძანება, რუსეთის ტერიტორიაზე მათი ყოფნის პერიოდში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი უზრუნველჰყონ. რუსეთის შს სამინისტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში გამოყოს ავტომანქანები საზღვრამდე იმ უცხოელთა მისაცილებლად, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან 1 მაისის ჩათვლით რუსეთში უცხოეთის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ რუსეთის მოქალაქის პასპორტის ფლობის შემთხვევაში შეეძლოთ.